13 აგვისტო 2026,   01:05
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" ორმაგი სტანდარტი - მმართველი გუნდი მათ აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპანტი ქვეყნისთვის სტრატეგიული ობიექტების მიყიდვის ფაქტებს ახსენებს

რუსული ოკუპაციიდან მალევე, რუსეთ-საქართველოს საზღვართან, რუსეთის მოქალაქეს, რუსულ ენაზე და რუსეთთან მეგობრობაზე მოსაუბრე, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი დახვდა. თუმცა მიხეილ სააკაშვილი ერთადერთი არ იყო, ვინც 2008 წელს, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, ოკუპანტ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლაზე, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაძლიერებაზე ალაპარაკდა.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანან "ნაციონალური მოძრაობის" ის მაღალჩინოსნებიც, ვინც რუსული ინვესტიციების მოზიდვაზე, ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე ექსპორტსა, თუ რუსი დიპლომატების მიმართ სიმპათიებზე ღიად და თამამად საუბრობდნენ, რაც ლევან მაჭავარიანის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" პროდასავლელობის მითს ანგრევს.

სააკაშვილის პარტიაში აღიარებენ, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთთან ეკონომიკის, ბიზნესის თუ ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობისთვის კონკრეტული ნაბიჯები სააკაშვილის ხელმძღვანელობით მართლაც გადადგეს. იმის მიუხედავად, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად და საჯაროდ საუბრობდნენ რუსეთთან პოლიტიკური კავშირების გაძლიერებაზე, დღეს "ნაცმოძრაობაში" მაინც ამტკიცებენ, რომ თანამშრომლობა მხოლოდ არაპოლიტიკურ სივრცეებს ეხებოდა.

ეროვნული ინტერესების უგულებელყოფაში "ნაციონალური მოძრაობა" დღეს სახელისუფლებო გუნდიდან კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს. მოქმედმა ხელისუფლებამ ყოფილს, აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპანტი ქვეყნისთვის სტრატეგიული ობიექტების მიყიდვის ფაქტები და სააკაშვილის ხელისუფლების მიერ შექმნილი ის პირობები შეახსენა, რომელიც რუსეთს ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციაში დაეხმარა. ამ დანაშაულებრივი ქმედებების ფონზე, მმართველი ძალა მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტის პარტიას, მოქმედი ხელისუფლების დადანაშაულების მორალური უფლებაც არ აქვს.

სახელისუფლებო გუნდთან ერთად, ექსპრეზიდენტს მძიმე პოლიტიკური წარსული დღეს ექსპრემიერის პარტიიდანაც შეახსენეს. გახარიას გუნდშიც ამბობენ, რომ მათთვის "ნაციონალური მოძრაობა" პროდასავლური არასდროს ყოფილა.

რუსულ სპეცსამსახურებთან "ნაცმოძრაობის" მოქმედი თუ ყოფილი წევრების დღემდე არსებულ კავშირზე საუბრობენ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფები. უმრავლესობას ერთ-ერთ მაგალითად ელენე ხოშტარია და რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებული ანაზღაურება მოჰყავს, რომელსაც, მათივე თქმით, არც თავად ოპოზიციონერი პოლიტიკოსი უარყოფს.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან ერთად, გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანან მომღერლები, ტელეწამყვანები და უკვე განსასჯელის სკამზე მყოფი მსოფლიო ბანი, რომელმაც "დაისიდან" არია სანქტ-პეტერბურგში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინ შეასრულა.

დღის ამბები