18 აგვისტო 2026,   13:12
ვრცლად
სიტყვები, რომლებიც ერთმანეთს ექოსავით იმეორებს და რეალობა, რომელმაც ორი კონტინენტის ორი სახელმწიფო ერთ პოლიტიკურ ორბიტაზე გაიყვანა - "ქართული ოცნების" ძველი და თეთრი სახლის ახალი პოლიტიკა ერთმანეთის ბუნებრივ გაგრძელებად იქცა

სიტყვები, რომლებიც ერთმანეთს ექოსავით იმეორებს და რეალობა, რომელმაც ორი კონტინენტის ორი სახელმწიფო ერთ პოლიტიკურ ორბიტაზე გაიყვანა. რომ არა ტიტრები, ზღვარი ფაქტობრივად უხილავია: "ქართული ოცნების" ძველი და თეთრი სახლის ახალი პოლიტიკა ერთმანეთის ბუნებრივ გაგრძელებად იქცა.

კრიზისი ევროპაში და პოლიტიკური კორუფცია ენჯეოსექტორში — დიაგნოზი, რომელიც თბილისში დაისვა, დღეს ვაშინგტონში ოფიციალურად ფორმდება - ის, რაც ბაიდენის ადმინისტრაციისთვის "ანტიდასავლური რიტორიკა" იყო, ტრამპმა და რუბიომ სახელმწიფო სტრატეგიად აქციეს.

სიტყვები შესაძლოა მანიპულაციად აღიქმებოდეს, მაგრამ პოლიტიკურ სცენაზე აშშ-ის უსაფრთხოების სტრატეგია შემოდის. 33-გვერდიანი დოკუმენტი ევროკავშირს კრიზისში მყოფ, უმანდატო ბიუროკრატიის მმართველობად აფასებს, სადაც ოპოზიციას დევნიან. ვაშინგტონის ეს პოზიცია ბრიუსელის დიქტატთან მებრძოლი ევროპული ქვეყნების ხედვას ამყარებს.

დრომ აჩვენა, რომ არც ოჯახური ღირებულებებისთვის ბრძოლა იყო უსაფუძვლო. სანამ ევრობიუროკრატები ქართულ კანონს "დისკრიმინაციულს" და "ევროპასთან შეუთავსებელს" უწოდებდნენ, ევროპული ღირებულებების განმარტება ჯერ თბილისში, შემდეგ კი მიუნხენში, თითქმის იდენტური შინაარსით გაისმა.

"ევროპამ სახე დაკარგა", "კონტინენტი ფრთხილად უნდა იყოს", ბრიუსელში ბიუროკრატია მისდევს ცივილიზაციური თვითმკვლელობის პოლიტიკას — ასეთია არათანმიმდევრული პოლიტიკის შეფასება, როდესაც სხვაგან არჩევნებს იწუნებ და საკუთარ მოედანზე ოპონენტებს დევნი; როდესაც სიტყვის თავისუფლებისთვის ჯილდოებს არიგებ და, პარალელურად, თავადვე აწესებ ცენზურას.

ბრიუსელის კრიტიკა და ეროვნული ინტერესების დაცვა — რაც აქამდე "ევროპული გზიდან გადახვევად" ითვლებოდა, ვაშინგტონისთვის ახალი პოლიტიკური რეალობაა.

33-გვერდიანმა უსაფრთხოების ამერიკულმა სტრატეგიამ დაადასტურა ის, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია ამტკიცებს. იარლიყი "ანტიევროპელი" კი ფაქტებით გამყარებულმა რეალობამ ჩაანაცვლა, რა დროსაც თბილისი და ვაშინგტონი ევროპულ კრიზისზე ერთ ენაზე საუბრობენ.

დღის ამბები