მიზნები, ამოცანები და გეგმები - ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატებმა კოლეგებს, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ბოლოჯერ მიმართეს. ასოციაციის თავმჯდომარეობისთვის 6 კანდიდატი იბრძვის. ერთ-ერთი ირაკლი ყანდაშვილია, რომელმაც დელეგატებთან სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ მისი სურვილია ადვოკატთა ერთობა კიდევ უფრო გაძლიერდეს. ყანდაშვილი ამბობს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში ასოციაცია განვითარებაზე და ახალ რეფორმებზე იქნება ორიენტირებული.
საკუთარ პროგრამებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრეს სხვა კანდიდატებმაც. თქვეს, რომ ცვლილებები საჭიროა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში კი ყველა ადვოკატის ჩართულობა აუცილებელია.
დელეგატებმა ხმის დამთვლელი კომისიის 15 წევრი უკვე შეარჩიეს. პროცესს, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება, კანდიდატების 24 და 11 არასამთავრობო ორგანიზაციის 22 წარმომადგენელი დააკვირდება. ხმებს ელექტრონული აპარატების საშუალებით დაითვლიან. თავმჯდომარის არჩევნების შედეგები, დამატებით, ხმის დამთვლელი კომისიის მიერ, კრებაზევე, საჯაროდ ხელით გადაითვლება.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოსტს 8 წლის განმავლობაში დავით ასათიანი იკავებდა. მან კოლეგებს დღეს ანგარიშიც წარუდგინა და თქვა, რომ ბოლო წლებში არაერთი რეფორმა გატარდა, რამაც ადვოკატთა საქმიანობა ახალ ეტაპზე გადაიყვანა.
ადვოკატთა ასოციაციაში არჩევნები ხვალ, დილის 9 საათზე დაიწყება, საღამოს 7 საათზე კი უკვე ცნობილი იქნება, ვინ გახდება ასოციაციის ახალი თავმჯდომარე.