მშვიდობა და ურთიერთნდობა მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშხაბადში, საერთაშორისო ფორუმზე შეკრებილ სახელმწიფოთა ლიდერებს უთხრა, რომ მსოფლიო წესრიგზე დაფუძნებული პრინციპები საქართველოსთვის მთავარი საგარეო პრიორიტეტია და ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციის პირობებში, მთავრობის სახელმძღვანელო სტრატეგია, სტაბილურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოდელზეა აგებული.
საერთაშორისო დიალოგის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმაც. სერდარ ბერდიმუჰამედოვმა საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ თანამშრომლობას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო.
საერთაშორისო ფორუმი, თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლისთავის იუბილეს მიეძღვნა. სხვადასხვა სახელმწიფოს პირველმა პირებმა გლობალური გამოწვევების ფონზე, საერთო მიზნების განხორციელებაზე გაამახვილეს ყურადღება.
საქართველო რომ რეგიონული თანამშრომლობის აქტიური ხელშემწყობი და დიპლომატიური კავშირების მხარდამჭერია - ამ საკითხზე საუბარს ირაკლი კობახიძემ, საკუთარი გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო. მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი შუა დერეფანი ამ ხედვის ცენტრალური ნაწილია. შუა დერეფანი, არა მხოლოდ სატრანსპორტო მარშრუტი, არამედ ადამიანების, ბიზნესისა და კულტურის დამაკავშირებელი.
აშხაბადში, საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, თურქეთის და რუსეთის ლიდერები იმყოფებოდნენ. იქვე მედიასთან უპასუხა ირაკლი კობახიძემ თბილისში გამოთქმულ იმ კრიტიკას, რაც მისი და ვლადიმერ პუტინის ერთ სივრცეში გამოჩენას მოყვა.
აშხაბადში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკურ ეკონომიკური კავშირები და სექტორული თანამშრომლობის გაძლიერება განიხილეს. საქართველოს მთავრობის მეთაურს სერდარ ბერდიმუჰამედოვმაც უმასპინძლა. პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთის პრეზიდენტთან კომუნიკაციისას მზადყოფნა გამოთქვა, ხელი შეუწყოს თურქმენული გაზის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირებას. სატრანსპორტო- ლოგისტიკურ საკითხებზე და ერთობლივი პროექტების მიმდინარეობის შესახებ ირაკლი კობახიძე აშხაბადში, აზერბაიჯანელ კოლეგასაც ესაუბრა. სტრატეგიულმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო და აზერბაიჯანი რჩებიან მტკიცე მოკავშირეებად და თანამშრომლობას აგრძელებენ რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად.