ილონ მასკი ამბობს, რომ ევროპას სწორედ ენჯეო ბიუროკრატია აკონტროლებს, რაც მოსახლეობას დემოკრატიას ართმევს. არასამთავრობო ორგანიზაციების სამთავრობო მიზნებზე "ქართული ოცნება" გაცილებით ადრე ალაპარაკდა, თუმცა კრიტიკა თავად ევროპიდან მიიღო. პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ამბობს, რომ საზოგადოების ენჯეოებით ჩანაცვლების ათწლეულების პრაქტიკა უკვე მხილებულია და ყველამ კარგად გაიგო, რეალურად ვის წარმოადგენენ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები, მათ შორის, საქართველოში.
ვის ინტერესებს ატარებენ ენჯეოები საზოგადოების სახელით? - ილონ მასკის განცხადების მთავარი ადრესატები კითხვაზე პასუხს თავს არიდებენ. არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ის ვინც პასუხობს, ამ საკითხზე არ საუბრობს.
ენჯეო ბიუროკრატიაზე საუბარი არ სიამოვნებთ არც ხელისუფლების ოპონენტებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ევროპაში ხალხის მმართველობა, ანუ დემოკრატიაა. ამბობენ, რომ მასკს ის არ უთქვამს, რაც სხვებს ჰგონიათ. მაშინ რა თქვა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ? რატომ შეწყვიტა შტატებმა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება? - ოპოზიციას პასუხი არც ამ კითხვაზე აქვს.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათი ოპონენტები არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ვერ მიდიან, რადგან დამოუკიდებლად ვერ მოქმედებენ. მათი თქმით, სწორედ ასეთივე ინსტრუმენტია დღეს ენჯეო სექტორი იმ ჩრდილოვანი ძალებისთვის, რომლებიც მათი საშუალებით კონკრეტულ ქვეყნებზე ზეწოლას და საკუთარი დღის წესრიგის გატარებას ცდილობენ. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ სწორედ ამ ყველაფრის გამჭვირვალობის გამო გახდა საქართველო კანონმდებლობის მიღებისას თავდასხმის ობიექტი.
არაფორმალური გავლენების შედეგს უწოდებს საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძემ ამ საკითხზე მასკის განცხადების შესახებ, მედიის კითხვების საპასუხოდ ისაუბრა.
ილონ მასკი საკუთარი განცხადებით, საკუთარ სოციალურ ქსელშივე, გერმანელი პოლიტიკური აქტივისტის, ნაომი ზაიბთის პოსტს გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა, რომ
"დემოკრატია არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუროკრატიის აღზევებასთან ერთად მოკვდა. ამომრჩევლის ხმა კი ევროკავშირის დაშლამდე არაფერს ნიშნავს".