საქართველოში გერმანიის ელჩს, "კურიერმა" რამდენიმე მარტივი კითხვა დაუსვა - არის თუ არა მისთვის პრორუსული ტრამპის პოლიტიკა, რატომ ახალისებს და მხარს უჭერს ოპოზიციის რევოლუციურ სცენარებს, თუმცა პასუხად არგუმენტების ნაცვლად თავდასხმა მივიღეთ.
გერმანიის ელჩის სიტყვები მიკერძოებულ შეფასებასთან ერთად პოლიტიკურ მიკერძოებას რომ ასახავს, ამას ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძეს ამ თემაზე კითხვა დღეს ჟურნალისტებმა დაუსვეს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, პეტერ ფიშერმა კითხვებისთვის თავის არიდებით ქართული ოპოზიცია დაიცვა.
იყო თუ არა გუშინ მედიასთან გერმანიის ელჩი პოლიტკორექტული - ამის გარკვევა დღეს ქართულ ოპოზიციაშიც ვცადეთ. ბრიუსელელი ბიუროკრატების მხარდამჭერებში აზრი ორად გაიყო. გახარიას პარტიაში მიიჩნევენ, რომ მედიაზე თავდასხმა მიუღებელია და პოლიტიკოსის ვალდებულება კითხვებზე პასუხის გაცემაა. ხაზარaძე-ჯაფარიძის "ლელოში" კი ფიშერის განცხადებაში შეურაცხმყოფელი ვერაფერი იპოვეს, მეტიც, დღეს მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე ელჩის სიტყვებს ხმამაღლა ციტირებდნენ.
ჟურნალისტებთან მსგავსი ტერმინოლოგიის გამოყენებას თავდასხმად აფასებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და სხვა კანონმდებლები, დიპლომატის არადიპლომატიურ ქმედებას ერთი მარტივი მიზეზით ხსნიან - ელჩს კითხვებზე პასუხი არ ჰქონდა. და რადგან კითხვაზე პასუხად - დუმილი - თანხმობის ნიშანია, ჟურნალისტებთან ცალმხრივ კონფრონტაციაში შესვლა ამჯობინა.
პეტერ ფიშერმა - სიტყვიერი შეურაცხყოფა ჟურნალისტებს გუშინ ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მიაყენა. შეკრებაზე იმყოფებოდა ევროკავშირის ელჩი, კითხვების დასმა ჩვენ მასთანაც გვსურდა, თუმცა მედიასთან გამოსვლის ნაცვლად პაველ ჰერჩინსკიმ საკონფერენციო დარბაზი უკანა გასასვლელიდან დატოვა.