არასასურველი კითხვების გამო, ჟურნალისტებზე თავდასხმად აფასებს მმართველი გუნდი საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებებს. პიტერ ფიშერმა ჟურნალისტის კითხვებს პროპაგანდისტული უწოდა და თქვა, რომ ეს მას არ აინტერესებს. კითხვები ეხებოდა გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ მის აქციაზე მისვლას, ტრამპის განცხადებებს და შტატების ეროვნულ სტრატეგიას, რომელშიც ისმის კრიტიკა ევროკავშირის მიმართ. ფიშერი უარყოფს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას და ვენის კონვენციის დარღვევას. ევროკავშირის ელჩმა კი ამ თემაზე საუბარი ჟურნალისტებთან საერთოდ არ ისურვა.
პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი თაზო დათუნაშვილი აცხადებს, რომ პროპაგანდისტული ნარატივების გამოკვებას არ აპირებს.
"მე აქ არ ვარ იმისთვის, რომ პროპაგანდისტული ნარატივები ვკვებო, რომლის მიზანია ჩვენი პარტნიორების დისკრედიტაცია. არ ვაპირებ ვკვებო პროპაგანდა, მაგისთვის არ ვდგავარ ტრიბუნასთან," - აცხადებს თაზო დათუნაშვილი.
პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი გიგა ფარულავა აცხადებს, რომ პოლიტიკოსს ყველა კითხვაზე უნდა ჰქონდეს პასუხი.
"ნებისმიერ პოლიტიკოსს, ბუნებრივია, ყველა კითხვაზე პასუხი უნდა ჰქონდეს. მედიაზე თავმდასხმა, ნებისმიერი პირისგან მიუღებელია, არ აქვს მნიშვნელობა ვისი მხრიდან იქნება ეს," - აცხადებს ფარულავა.