პოლიტიკური ცვლილებები ბრიუსელში გარდაუვალია - ამას ამბობს ამერიკის უსაფრთხოების სტრატეგიაც და ამას ამბობდა მანამდე საქართველოს ხელისუფლებაც. ქართული ოცნება გაცილებით ადრე ალაპარაკდა ევროკავშირის კრიზისზე - მოქმედი ხელმძღვანელობის პოლიტიკიდან გამომდინარე. პარლამენტის თავმჯდომარე წერს, რომ ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა და აცდენა ევროპის პრინციპებთან ყველაზე კარგად საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაში გამოჩნდა. სპიკერი აცხადებს, რომ ევროპელმა ბიუროკრატებმა უნდა გააცნობიერონ ცივილიზაციური განადგურების საფრთხე, რომელსაც ისინი კავშირს უქმნიან და რომლის დანახვაც არ სურთ.
ხელისუფლება სწორედ ევროპის ბიუროკრატიაში არსებულ პრობლემებს უკავშირებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის დაზიანებას, გამოსავალს კი ბრიუსელის მმართველობაში ფუნდამენტური ცვლილებების აუცილებლობაში ხედავს.
ევროკავშირის ღირებულებით კრიზისს არ აღიარებენ ხელისუფლების ოპონენტები, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ვაშინგტონიც მიუთითებს ბრიუსელს - ტრაექტორია შეასწოროს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამერიკას, საქართველოსგან განსხვავებით, ევროპის კრიტიკის უფლება აქვს.
არსებული მდგომარეობის ცვლილებას უკავშირდება სწორედ ბრიუსელის მიმართ ვაშინგტონის მკაცრი გაფრთხილება, თუმცა ევროპელი მაღალჩინოსნებისთვის ეს გარე ჩარევად ფასდება. ეს მაშინ, როდესაც ქართული ოცნების განცხადებით, ბიუროკრატები თავად ერევიან სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში. ევროკავშირის ლიდერების რეაქცია უმრავლესობის განცხადებით ადასტურებს, რომ მათ არსებული მიდგომების შეცვლის რესურსი არ აქვთ, რადგან დამოუკიდებლად ვერ მოქმედებენ.
ევროკავშირის და სხვა ტრანსნაციონალური ორგანოების საქმიანობა ძირს უთხრის პოლიტიკურ თავისუფლებასა და სუვერენიტეტს - წერია ამერიკის უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაში, სადაც ნათქვამია ისიც, რომ არსებული ტენდენციებით ევროპის კონტინენტი 20 წელიწადში ან უფრო ადრეც შეუცნობელი გახდება.