13 აგვისტო 2026,   07:18
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი "ლელოს" და ALDE-ს ორკვირიანი დუმილის გამო, ტერორიზმის წახალისებაში ადანაშაულებს - რატომ არ ემიჯნება "ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული პარტია" ალეკო ელისაშვილს

"ლელო" და "ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული პარტია", პარლამენტის თავმჯდომარემ ტერორიზმის წახალისებაში მათი ორკვირიანი დუმილის გამო დაადანაშაულა. პარლამენტის სპიკერმა ღამის კურიერში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ "ლელო," როგორც ALDE-ს პოლიტიკური ოჯახის წევრი, ტერორიზმში ბრალდებულ ალეკო ელისაშვილს გამიჯვნის ნაცვლად, მხარდაჭერას უცხადებს, რაც ორივე პოლიტიკური ძალის მიმართ, ევროკავშირის დირექტივების საფუძველზე, მორალურ და სამართლებრივ კითხვის ნიშნებს აჩენს.

იმის მიუხედავად, რომ ელისაშვილმა დანაშაული თავად აღიარა და მისი ქმედების ამსახველი კადრებიც გასაჯაროვდა, ლელოში კვლავ უდანაშაულობის პრეზუმფციაზე აპელირებენ. ამბობენ, რომ სასამართლოს განაჩენამდე პარლამენტის სპიკერმა შეფასებების დროს თავი უნდა შეიკავოს. ტერორიზმის მუხლით დაკავებულ ელისაშვილს კი კვლავ კოალიციური ერთობის ნაწილად მიიჩნევენ.

ALDE-ს და "ლელოს" დუმილი ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული პოლიტიკური ჯგუფის ლუსტრაციაა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის. მთავრობის მეთაურმა დღეს განმარტა, რომ ტერორიზმი პოლიტიკური ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა. ევროკომისრების პარტიის მხრიდან ამ საქმეზე დუმილი კი, ირაკლი კობახიძის აზრით, ევროპის კონტინენტის პოლიტიკურ ელიტაში არსებულ მორალურ კრიზისზე მიუთითებს.

ელისაშვილის ქმედებას სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად მიიჩნევენ, "ლელოს" კოალიციის ყოფილ საარჩევნო პარტნიორ გახარიას გუნდში. ამბობენ, რომ მსგავსი ქმედების შემთხვევაში ისინი თანაგუნდელს პარტიიდან დაუყოვნებლივ გარიცხავდნენ.

"ლელოს" კოალიციისა და მათი ევროპელი პარტნიორების დუმილი არ უკვირთ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლების თქმით, სასამართლოს კანცელარიის გადაწვისა და მანდატურებზე თავდასხმის მცდელობა, ოპოზიციის გარე ლობისტებისთვის მისაღებია, რადგან მათ რეალურ მიზანს - ქვეყანაში, მხოლოდ დესტაბილიზაციური პროცესების წახალისება წარმოადგენს.

ალეკო ელისაშვილი სასამართლოს გადაწვის მცდელობის დროს შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიტიკოსის წინააღმდეგ საქმე ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები