13 აგვისტო 2026,   11:27
ვრცლად
ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი - წინასასამართლო სხდომის დასკვნით ეტაპზე, სიტყვით ორივემ ისარგებლა

სხდომათა მე-14 დარბაზში, განსასჯელის სკამები "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედმა და ყოფილმა წევრებმა დაიკავეს. ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა - წინასასამართლო სხდომის, დასკვნით ეტაპზე სიტყვით ორივემ ისარგებლა, თუმცა პირველმა საკუთარი სათქმელი ვერც მოკლედ თქვა და ვერც ბრაზი დამალა პარტნიორების მიმართ. სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისა და საჯარო მოხელისთვის ქრთამის დაპირების ბრალდებით დაკავებულმა ხაბეიშვილმა, სხდომათა დარბაზიდან იერიში მთელს ოპოზიციაზე მიიტანა. პოლიტიკურ ბრალდებებთან ერთად, მოწოდებებს თითქმის 20 წუთი დაუთმო. თავს დაესხა და გამბედაობა დაუწუნა ყველას, ვინც ქუჩის ნაცვლად, სატელევიზიო ეთერებში დადის.

ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკურ ბრალდებას, უფრო მძიმე ბრალდებით რამდენიმე წუთში უპასუხა თამარ ჩერგოლეიშვილმა. "ფედერალისტების" ლიდერმა, "ნაცმოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ჯერ უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა, შემდეგ კი შეახსენა, რომ ათობით ადამიანის დაპატიმრებაზე პასუხისმგებელი სწორედ ის არის.

ოპოზიციის მიმართ, ხაბეიშვილის კრიტიკა მოულოდნელი არ ყოფილა პრემიერ-მინისტრისთვის. ამ თემაზე ირაკლი კობახიძეს კითხვა, ჟურნალისტებმა დაუსვეს.

მეგობარმა ფავლენიშვილმა კრიტიკის ერთ-ერთ ობიექტად, დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად, საკუთარი თავიც მიიჩნია. ხაბეიშვილის თანაგუნდელმა დღეს, ყოფილი თავმჯდომარის პოლიტიკური თავდასხმის გამართლება სცადა და ისიც აღიარა რომ ოპოზიცია შეშინებულია.

"ნაციონალური მოძრაობის" ფორმულები, საინტერესო არ არის გახარიას გუნდისთვის. ექსპრემიერის პარტიაში დღეს კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ქუჩაში დარჩენილი ოპოზიციის კრიტიკას არ იღებენ, მით უფრო სააკაშვილის პარტიის, რომელიც მათთვის დიდი ხანია წითელი ხაზია.

ხელისუფლების დამხობის გეგმაში ჩართული ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაზე საუბრობს სახელისუფლებო გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლის მიზანი, ოპონენტების უცხოელ დონორებს ჰქონდათ. ჩადენილი დანაშაულისთვის კი ყველამ პასუხი უნდა აგოს.

ემიჯნება თუ არა ბრიუსელი 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებს? - პარლამენტის თავმჯდომარე პასუხს ევროკავშირის ელჩისა და იმ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან ელოდება, ვინც მისივე თქმით საქართველოში ექსტრემიზმის წახალისებით და დაფინანსებითაა დაკავებული.

ლევან ხაბეიშვილის ბრალი ორი - სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისა და უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის გადაცემის მუხლებით აქვს წარდგენილი. მურთაზ ზოდელავას კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში უკანონო ჩარევას და გამოძიებისთვის ხელის შეშლას ედავებიან. ამ საქმეზე ზოდელავას გირაო აქვს შეფარდებული, თუმცა პატიმრობაშია 4 ოქტომბერს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეზე.

დღის ამბები