თან ემიჯნება, თან თანამშრომლობს - ეს "ლელოს" პოლიტიკური სტრატეგიაა, რომელსაც ის ალეკო ელისაშვილის შემთხვევაში იყენებს. არჩევნები დასრულდა, თუმცა წინასაარჩევნოდ შექმნილი კოალიციური ერთობა ძალაშია. "ძლიერი საქართველო" "მოქალაქეებს" პარტნიორებად იტოვებს, პარტიის თავმჯდომარედ რჩება ელისაშვილიც.
"ლელოსგან" განსხვავებით, მიუღებელი ქმედება გამამტყუნებელი განაჩენით დადასტურებას არ საჭიროებს მისივე დაფუძნებული პარტიისთვის. "მოქალაქეები" საკუთარი თავმჯდომარის გადაწყვეტილებას ერთი ადამიანის პროტესტს უწოდებენ. მეორე ადამიანი ამ პოლიტიკური ძალიდან, ქეთი თურაზაშვილი ადასტურებს, რომ ელისაშვილის პარტია „ლელოსთან“ ყველანაირ თანამშრომლობას ინარჩუნებს.
რატომ გრძელდება თანამშრომლობა უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული ელისაშვილის პარტიასთან? - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ "ლელო" ტერორისტული აქტის მცდელობას მხოლოდ საჯარო განცხადებებით გმობს, ფაქტები კი საპირისპიროს ადასტურებს. უმრავლესობისთვის ბრალდებულთან საარჩევნოდ შექმნილი კოალიციური პარტნიორობის შენარჩუნება მინიმუმ რადიკალიზმის მხარდაჭერაა.
ელისაშვილის ქმედებას გამართლებას ვერც ოპოზიციაში უძებნიან, ისევე როგორც "ლელოს" გადაწყვეტილებას, ითანამშრომლოს და თან გაემიჯნოს საკუთარი გუნდის წევრს.
"ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილება მისაღები აქვს არა მხოლოდ "ლელოს", არამედ "ალდესაც" - ევროპის ლიბერალ დემოკრატთა ჯგუფს, რომლის პარტნიორიც ტერორიზმში ბრალდებულს საკუთარ რიგებში ტოვებს. ორშაბათამდე კიდევ არის დრო "ალდესთვის" და "ლელოსთვის", რომ უკვე ფორმალურადაც არ გახდნენ ტერორისტთან თანამშრომლობაში მყოფი პარტია - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე.
თავად ელისაშვილი წინასწარ პატიმრობაშია, ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული რამდენიმე დღის წინ სასამართლოს შენობაში შენიღბული, შეიარაღებული შეიჭრა და მისი გადაწვა სცადა.