შავ ჩემოდანს წითელი სტიკერი დააკრეს და საეჭვოდ მიიჩნიეს. რენტგენო სკანერზე ბარგში ნარკოტიკი გამოჩნდა. ჩანთა მებაჟე ოფიცრებმა დეტალური დათვალიერების ოთახში გადაიტანეს და გახსნეს.
760 გრამზე მეტი ემდი-ემაი, 762 გრამი კლეფედრონი და ნახევარ კილოგრამზე მეტი კეტამინი 33 წლის ქალს ბავშვის საკვებში ჰქონდა დამალული. ვერცხლისფერ ქაღალდში, ე.წ. ფოლგაში გახვეული ნარკოტიკი თუნუქის სამ ქილაში იყო მოთავსებული. მალევე გაირკვა, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკით სავსე ჩანთა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრენილ უკრაინელ მგზავრს ეკუთვნოდა.
სამართალდამცველებმა უკრაინის მოქალაქე აეროპორტშივე დააკავეს.
"კურიერის" ინფორმაციით, 33 წლის ქალი საქართველოში მცირეწლოვან შვილთან ერთად ჩამოფრინდა. სანამ ჰანნა დმინტრენკოს პოლიცია ხელბორკილს დაადებდა, 3 წლის ბავშვზე პასუხისმგებლობა შესაბამისმა სახელმწიფო უწყებამ აიღო.
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ახალგაზრდა ქალი ახლა წინასწარ ორ თვიან პატიმრობაშია. ჰანნა დმინტრენკოს საქმეზე დღის ბოლოს სასამართლომ იმსჯელა. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ადვოკატმა სასამართლოს 2500 ლარიანი გირაო შესთავაზა.
დაასახელებს თუ არა ახალგაზრდა ქალი ნარკოდანაშაულის სქემაში ჩართულ სხვა პირებს, ეს უახლოეს პერიოდში გაირკვევა. მანამდე კი ორ კილომდე ნარკოტიკის საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.