კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თხოვნას, სენატის უმრავლესობის ლიდერმა უარით უპასუხა და დოკუმენტი ამერიკის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში არ ჩართო. ამერიკული გამოცემა "ჰილი" წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი 21 ნოემბრის შემდეგ ცდილობდა "რესპუბლიკელებთან" და "დემოკრატებთან" დაკავშირებას და საქართველოსთან დაკავშირებული კანონპროექტის დღის წესრიგში დაბრუნებას, თუმცა სენატის უმრავლესობის ლიდერის უარის გადალახვა შეუძლებელი გახდა. "ქართული ოცნება" უარის ერთ-ერთ მიზეზად დოკუმენტის მანიპულაციურ შინაარს ასახელებს.
სენატის უარი საპარლამენტო ოპოზიციას არ გაჰკვირვებია. გახარიას თანაგუნდელების თქმით, ჩანს, რომ ორპარტიული მხარდაჭერის მიუხედავად, ამერიკელ კანონმდებლებში ე.წ. "მეგობარი აქტის" გარშემო საბოლოო შეთანხმების მიღწევა ჭირს. დოკუმენტის ორჯერ დაბლოკვის ფონზე "ნაციონალურ მოძრაობაში" ფიქრობენ, რომ ეს გადაწყვეტილება არა უარი, არამედ დროებითი შეფერხებაა.
დოკუმენტის შინაარსი ოფიციალური თბილისისთვის არამეგობრული და მტრულია. მის გაზიარებაზე სენატის უმრავლესობის ლიდერის მეორე უარს კი შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ფონზე პრაგმატული პოლიტიკის გამოვლინებად აღიქვამენ.
სენატის უმრავლესობის ლიდერის გადაწყვეტილება მეორედ დარჩა უცვლელი. ჯონ ტუნის "ამერიკის თავდაცვის ავტორიზაციის" აქტში საქართველოსთან დაკავშირებული დოკუმენტის შეტანაზე სექტემბერში მიმართეს, თუმცა საკითხი მაშინაც დაბლოკა. ბოლო სამ თვეში პროექტის გაზიარების ხელმეორე მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა და ჩავარდა.