"ლელო-ძლიერი საქართველო" ალეკო ელისაშვილის პარტიასთან თანამშრომლობას განაგრძობს. "ძლიერი საქართველო" დღეს გავრცელებულ განცხადებაშიც აღნიშნავს, რომ პარტია, "მოქალაქეებთან" კოალიციურ პარტნიორობას ისევ ინარჩუნებს.
"ლელოსთან" თანამშრომლობას ადასტურებს ელისაშვილის პარტიის წევრი ქეთი თურაზაშვილიც და აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილის პარტიასთან პარტნიორულ ურთიერთობაში რჩებიან. ალეკო ელისაშვილი ამ დრომდე პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარეა.
"ლელო-ძლიერი საქართველოს" წევრი ლევან სამუშია ასევე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არ წყვეტენ თანამშრომლობას ალეკო ელისაშვილის პარტიის წევრებთან.
"ჩვენ მკაფიოდ და ზუსტად გავმიჯნეთ ყველაფერი. ბატონი ელისაშვილი არც "ლელოს" წევრია, ის არის თავისი პარტიის წევრი და თავისი პარტიის თავმჯდომარე და ხელმძღვანელი, როგორც ვიცი. იმ პარტიაში არის უამრავი ადამიანი, რომლებიც მონაწილეობდნენ როგორც პოლიტიკური სუბიექტები. ბუნებრივია, ვთანამშრომლობდით, ვმონაწილეობდით არჩევნებში, ეს ყველამ კარგად იცის," - განაცხადა ლევან სამუშიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე "ახლაც გრძელდება თანამშრომლობა?" - ლევან სამუშია პასუხობს: "მისი პარტიის წევრებთან კი, ბუნებრივია".
ჟურნალისტი: იმ პარტიასთან, რომლის თავმჯდომარეც არის ელისაშვილი და რომლის ქმედებებსაც ემიჯნებით?
"თუ რამე მიუღებელ ქმედებებზეა საუბარი, რომელიც უნდა დადასტურდეს გამამტყუნებელი განაჩენით, ჩვენ ვართ კანონმორჩილი, სამართლიანი და სამართლებრივი ძალა", - განაცხადა "ლელოს" წევრმა ლევან სამუშიამ.