2025 წლის ბოლო დღეების ათვლა დაიწყო. თბილისის ქუჩებში უკვე საახალწლო სამზადისია - მონტაჟდება ილუმინაციები, განათებები, ეწყობა ნაძვის ხეები.
24-მეტრიანი მთავარი ნაძვის ხე პირველი რესპუბლიკის მოედანზე უკვე დადგეს. ფერადი დეკორაციებით მორთულს 12 დეკემბერს ზუსტად აანთებენ. 2026 წლის შესახვედრად თბილისის მერია საგანგებოდ ემზადება.
უკვე ცნობილია, რომ საახალწლო სოფლელში დაგეგმილი ღონისძიებები მრავალფეროვანი და ყველა ასაკის მოქალაქეზე იქნება გათვლილი, თუმცა გასართობი აქტივობები ძირითადად პატარებისთვის დაიგეგმა.
საახალწლო სოფელში ბავშვებს თოვლის ბაბუა დახვდებათ, დაათვალიერებენ სანტას სახლს. სპეციალურად მათთვის იმოძრავებს საახალწლო მატარებელი, პატარა სტუმრებს ზღაპრის გმირები გაართობენ. უკვე მოწყობილია სივრცეები, სადაც ტკბილეულის ფესტივალი და საბავშვო კონცერტები ჩატარდება. საშობაო ბაზარში მისულებს ხელნაკეთი ნივთების დათვალიერება და ყიდვა შეეძლებათ - მცირე ზომის ჯიხურები უკვე დგას.
საახალწლო ღონისძიებებით დატვირთულ პროგრამას მერია დედაქალაქის ყველა უბანს ჰპირდება. ამ ეტაპზე, ქუჩებში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება, სკვერებში და მოსასვენებელ ადგილებში ნაძვის ხეებს ამკობენ.
თბილისის მერიამ ტრადიცია არც წელს დაარღვია - თბილისს ახალი წლის სლოგანი კვლავ ექნება. "გამარჯვებებით სავსე ქალაქს", 2026-ში "სიკეთით სავსე ქალაქი" შეცვლის.
“სიკეთით სავსე ქალაქი" - დიდი ასოებით უკვე დაწერეს წმინდა გიორგის მონუმენტთან. თავისუფლების მოედანზე ნაძვის ხის მონტაჟიც თითქმის დასრულებულია.
ახალი წლის შემოსვლა თბილისს ზუსტად 8 დღეში დაეწყობა - მაშინ, როდესაც მთავარი ნაძვის ხის პარალელურად ყველა უბანი საახალწლო განათებით აინათებს. ღონისძიებები 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.