13 აგვისტო 2026,   11:58
ვრცლად
BBC-ის მძიმე ბრალდებები, რომელზეც სუს-მა გამოძიება უკვე დაიწყო - სახელისუფლებო გუნდი BBC-ის მომზადებულ ფილმს ჰიბრიდული ომის ტაქტიკის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს

სახელისუფლებო გუნდი BBC-ის ე.წ. საგამოძიებო ფილმს ჰიბრიდული ომის ტაქტიკის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს. საუბარია ერთსაათიან მასალაზე, რომელშიც ბრიტანული მაუწყებელი მტკიცებულებების გარეშე საქართველოს ხელისუფლებას ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს. ფილმის ავტორი ოპოზიციონერი აქტივისტებისა და არასამთავრობოების მონათხრობს ეყრდნობა. მათ შორის არიან პირები, რომლებიც ძალადობრივი აქციების ორგანიზებაში ბრალდებულები ან მსჯავრდადებულები არიან. ჟურნალისტის ერთ-ერთი წყარო პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი და მისი კვლევაა.

თავად კონსტანტინე ჩახუნაშვილი, BBC-სთვის მიცემული ინტერვიუსგან განსხვავებით, დღეს ამტკიცებს, რომ მას ლაბორატორიული კვლევა არ ჩაუტარებია. ამბობს იმასაც, რომ ქიმიურ ნაერთ "კამიტეს" შესახებ სიღრმისეულ ცოდნას არ ფლობს და ჟურნალისტმა ჰიპოთეზა, სავარაუდოდ, სხვა მოსაზრებების შეჯამებით შეიმუშავა. ჩახუნაშვილმა ასევე არ განმარტა, ვინ იყვნენ მისი მრავალგვერდიანი კვლევის ობიექტები და რატომ შეიძლება მის მიერ ნახსენები ნივთიერებები ლაბორატორიული ანალიზის გარეშე სანდოდ ჩაითვალოს.

BBC-ის მიერ გავრცელებულ უმძიმეს ბრალდებას და კონსტანტინე ჩახუნაშვილის კვლევის შინაარსს ოპოზიციის დიდი ნაწილი უპირობოდ იზიარებს. ხელისუფლების ოპონენტები უკვე ორი დღეა თემას პოლიტიკური ბრალდებებისთვის იყენებენ, თუმცა გამოძიების მხრიდან ინფორმაციის სიცრუის დადასტურების შემთხვევაში პასუხისმგებლობის ტვირთს მხოლოდ BBC-ზე გადააქვთ.

ჩახუნაშვილის ე.წ. კვლევაზე დაყრდნობით BBC-მ დეზინფორმაციული მასალა მოამზადა - ასე გამოეხმაურა დღეს მთავრობის მეთაური ბრიტანული მაუწყებლის მიერ გაჟღერებულ ბრალდებას. პრემიერმა და პრეზიდენტმა განმარტეს ისიც, რომ ჟურნალისტმა მასალის მომზადების დროს მმართველი გუნდის მიერ მიწოდებული პასუხები და მტკიცებულებები დამალა.

"კამიტე", იგივე ბრომბენზილ ციანიდი - რაზეც BBC-ის ფილმშია საუბარი - მომწამვლელი ნივთიერებაა, რომელიც სუნთქვის გაძნელებას, მწვავე მოწამვლას, გულის რითმის დარღვევას, უკიდურეს შემთხვევაში კი კომას და გარდაცვალებას იწვევს. სწორედ "კამიტეს" გამოყენებაზეა საუბარი ბრიტანელი ჟურნალისტების მიერ მომზადებულ მასალაში. დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ პოლიციის შეიარაღებაში მსგავსი ტიპის ნივთიერება არასდროს ყოფილა.

საქართველოს ხელისუფლება ბრიტანული მაუწყებლის წინააღმდეგ დავას საერთაშორისო სასამართლოებში გეგმავს. პარალელურად, სუს-მა გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება 333-ე და 319-ე მუხლებით დაიწყო. გამოძიების ფარგლებში უწყებამ, მაგისტრი მოსამართლის თანხმობით, გამოკითხვაზე მამა-შვილი ჩახუნაშვილები უკვე დაიბარა.

დღის ამბები