თბილისის საქალაქო სასამართლოში "მტკვარი ჰესის" საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეს მოუსმინეს, რომელიც თანაინვესტირების ფონდის თანამშრომელია.
დაკავებული ბაჩიაშვილი ბრალს არ აღიარებს, ბრალდების მხარე კი არაერთ მტკიცებულებაზე საუბრობს, რომელიც პროკურორის განცხადებით დაკავებულის დანაშაულს ადასტურებს.
ბაჩიაშვილის ადვოკატის თქმით, "საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი დოკუმენტი, რომელიც დარღვეული არის შესრულების ეტაპზე გიორგი ბაჩიაშვილი მიერ".
"დღეს დაიკითხა მოწმე - ფინანსურის ექსპერტი, რომელიც 2014 წლიდან დღემდე მუშაობს თანაინვესტირების ფონდში და მან რამდენჯერმე დაასაბუთა, რომ "მტკვარი ჰესის" პროექტი, მიუხედავად იმისა, რომ ჭიანურდებოდა დროში, ფინანსურად მომგებიანი იყო ყველა ეტაპზე და დღესაც არის მომგებიანი.
საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი დოკუმენტი, რომელიც დარღვეული არის შესრულების ეტაპზე გიორგი ბაჩიაშვილი მიერ. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღებოდა, იყო კოლეგიალური, რასაც ჩვენ პირველივე პროცესიდან ვაცხადებდით," - აღნიშნა გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა.
გიორგი ბაჩიაშვილს "მტკვარი ჰესის" საქმეზე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.