15 აგვისტო 2026,   12:51
ვრცლად
ერთი წელი 28 ნოემბრის პრემიერის განცხადებიდან, რომ საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებდა - უკვე ოფიციალურად დადასტურებულია, რომ თბილისამდე გადაწყვეტილება ბრიუსელში მიიღეს

2017 წელი, "ქართული ოცნება" ისტორიულ გადაწყვეტილებას იღებს. პარლამენტის თავმჯდომარე და კონსტიტუციის ავტორი, კენჭისყრის შედეგებს აცხადებს - იმ შედეგებს, რომლის მიხედვითაც მმართველმა გუნდმა, ქვეყნის უზენაეს კანონში ჩაწერა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმაღლესი პრიორიტეტი ევროპული ინტეგრაციაა. ამ არჩევანს ოპოზიცია მხარდაჭერას არ უცხადებს, "ქართული ოცნება" კი საკუთარ არჩევანს აფიქსირებს და ამ გზაზე ბევრ წარმატებასაც აღწევს, თუმცა ბევრია დაბრკოლებაც, მათ შორის, უსამართლო მიდგომები. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ხალხის მიერ 10-ჯერ ნდობა გამოცხადებული ხელისუფლება მთავარ პრიორიტეტად, მოპოვებულზე არანაკლებ რთულს - ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვასა და განმტკიცებას ასახელებს. ამ ყველაფერს კი, მსოფლიო წესრიგის არეულობა კიდევ უფრო ართულებს.

2022 წელი, რუსეთი უკრაინაში ომს იწყებს. მსოფლიო პოლიტიკის კომპასი ირევა, იცვლება გეოპოლიტიკური მდგომარეობა. სამხედრო კონფლიქტისა და გაზრდილი ზეწოლის ფონზე, ოკუპირებული ქვეყნისთვის დამოუკიდებლობა და მშვიდობიანი განვითარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. თუმცა, საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა ბრიუსელის დღის წესრიგში არ შედის. აქტიურდება ბრალდებები არგუმენტების გარეშე.

გავა დრო და ბრალდებები სიცრუე აღმოჩნდება, თუმცა საკუთარ კვალს მაინც დატოვებს. და ამ სიცრუის ექოში, საქართველო საკუთარ სიტყვას მაინც და ხმამაღლა იტყვის - ქვეყანა სამართლიან მიდგომებს მოითხოვს. თუმცა, იქამდე 2024 წლის ოქტომბერია.

ქვეყანა პარლამენტს ირჩევს. მოსახლეობა ნდობას "ქართულ ოცნებას" უდასტურებს. ოპოზიცია ისევ და ტრადიციულად იბუტება, პარლამენტში არ შედის და მანდატებზე უარს ამბობს. ამ გადაწყვეტილებას მათი ნაწილი ერთი წლის შემდეგ ინანებს, პრინციპებს უღალატებს და საკანონმდებლო ორგანოს კარს შეაღებს, თუმცა 365 დღეში ქვეყნის წინააღმდეგ, შიდა და გარე პარტნიორებთან ერთად, არაერთ ნაბიჯს გადადგამს. თუმცა, ისევ 2024 წელს რომ დავუბრუნდეთ, პერიოდს, როცა ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა აწეულია. არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი ახმოვანებს და აცხადებს, რომ 2028 წლის ბოლომდე, ქვეყანა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მიზეზად კი საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟი სახელდება.

გადაწყვეტილებიდან მალევე, საპროტესტო აქციები იწყება. პარტნიორები ტონს ამკაცრებენ და სანქციების პოლიტიკაზე გადადიან. მმართველი გუნდის ლიდერები ითხოვენ ევროკავშირმა მაგიდაზე ის დოკუმენტი დადოს, რომლითაც მოლაპარაკებები იხსნება. "ქართული ოცნება" მზად არის ხელმოწერისთვისაც.

პასუხი არ არის. მეტიც, ევრობიუროკრატები საქართველოს ევროპული კურსის გადახვევაში ადანაშაულებენ. ავანგარდშია ევროკავშირის ელჩი, რომელმაც ამ განცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე თავად თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად, შეჩერებულია.

მოგვიანებით კი "კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა წერილი, რომლითაც დადასტურდა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არა მთავრობამ, არამედ ბრიუსელმა შეუჩერა. პაველ ჰერჩინსკი ღიად ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების ფაქტობრივი შეჩერებას საფუძვლად 2024 წლის 27 ივნისს, ევროპული საბჭოს მიერ მიღებული დასკვნები დაედო.

ამ წერილით და არაერთი განცხადებით, მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე აქციები დეზინფორმაციას ეფუძნებოდა.

ევროპასთან ერთად, საქართველო ბაიდენის ადმინისტრაციის ფოკუსშიც მოექცა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ოვალური კაბინეტი დონალდ ტრამპმა მეორედ დაიკავა, "ქართული ოცნებისა" და ამერიკის 47-ე პრეზიდენტის ხედვები სრულ თანხვედრაში აღმოჩნდა, შეიცვალა მიდგომები საქართველოსთან მიმართებით. დღის წესრიგიდან მოიხსნა და რამდენჯერმე ჩავარდა ლობისტების მიერ მიღებული "მეგობარი აქტი". კარიერა პენსიაზე გასვლით დაასრულა საქართველოში ბაიდენის მიერ გამოგზავნილმა ელჩმა, ჩვენს ქვეყანას კი დიპლომატი შტატებში უკვე დიდი ხანია ჰყავს. საქართველო, როგორც საიმედო პარტნიორი და გლობალური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი, ურთიერთობების აღდგენის მზაობას გამოთქვამს.

გარე აქტორებს დახმარების ხელს ქვეყნის შიგნით ოპოზიცია, მათ სათავეში მოქცეული სალომე ზურაბიშვილი და ენჯეოები უწვდიდნენ, ხან პირიქითაც, თუმცა შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არც აქ იცვლება. ის ოპოზიცია, რომელიც ჯერ ამბობდა, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდა, შემდეგ კი იქამდე, "ქართული ოცნების" ყველა მონაპოვრის გაუქმებას ევროპულ თუ ამერიკულ ვოიაჟებში ითხოვდნენ. ცრუ ნარატივებს კი ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად იყენებდნენ. ბევრჯერ ნაცადი რევოლუციის მოწყობა ყველა ჯერზე ჩაუვარდათ, მათ შორის, 4 ოქტომბერსაც. კონსტიტუციის წინააღმდეგ წასულებს კი ახლა შანტაჟის იარაღად ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნა დარჩათ.

ოპოზიციის კამპანიები, მოწოდებები გაფიცვისკენ, საპროტესტო აქციები, ყველაფერზე რუსული იარლიყის მიწებება და პროგნოზი, რომ ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსის წინაშე დადგებოდა - ოპოზიციას 365 დღიანი შრომა ფუჭი აღმოჩნდა. ის, რომ ქვეყანა წინ მიიწევს, ამას ევროპული კვლევებიც ადასტურებს. "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ ბუნდოვანება დროსთან ერთად კიდევ უფრო გაიფანტება და სუვერენულ სახელმწიფოს მსგავსი მიდგომითვე უპასუხებენ. ყველაფერს კი წერტილს უკრაინის ომის დასრულება დაუსვამს.

პოლიტიკურმა კალენდარმა ამ ერთ წელში ბევრ დაფარულს ფარდაც ახადა და ბევრმა, ბევრი ნათქვამიც უკან წაიღო. თუმცა წინ დიდი გზაა, გზა, რომელიც ევროპულ ინტეგრაციამდე მიდის, იმ მიზნამდე, რომელიც სწორედ, "ქართულმა ოცნებამ" დასახა და კონსტიტუციაშიც ასახა.

დღის ამბები