ფილმის მთავარი გმირი საქართველოა, სადაც ღვინის წარმოება 8 000 წლის წინ დაიწყო და თაობიდან თაობას უწყვეტად გადაეცემა. აქ ღვინო არა მხოლოდ სასმელი, არამედ ერის იდენტობაა და ყველაფერი უნიკალური ტრადიციით იწყება, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია.
ახლა ამ ისტორიას ასობით ათასი მაყურებელი ეკრანებიდან უყურებს. ამერიკაში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ღვინის შოუმ - "V is for Vino"-მ ქართული ღვინის შესახებ ვრცელი, ერთ-საათიანი მასალა მოამზადა. ფილმი "V is for Vino"-ს ყველა პლატფორმაზე - ოფიციალურ გვერდზე, სოციალური მედიის არხებზე, საკაბელო ტელეარხსა და ამერიკის მასშტაბით, 90-ზე მეტ აეროპორტში განთავსდა.
გადამღები ჯგუფის წევრები ღვინის მარნებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სტუმრობდნენ. შეხვდნენ მეღვინეებს და გაეცნენ ღვინის დაყენების თანამედროვე და უძველეს ტრადიციებს. ქართველი მეღვინეები ამბობენ, რომ ეს დამატებითი შესაძლებლობაა, ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე ქართული ღვინის საექსპორტო პოზიციების გასამყარებლად.
ამერიკა ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ აქტივობებს 2013 წლიდან ახორციელებს. საქართველოში ღვინის შოუს გადამღები ჯგუფი, მიმდინარე წლის აპრილში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით იმყოფებოდა.
ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ბოლო წლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, სარეკლამო კამპანიები ისეთ გავლენიან მედია საშუალებებთან გაძლიერდა, როგორიც CBS, CNN, "The New York Times," "Wine Enthusiast", რამაც აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობისა და გაყიდვების სტაბილური ზრდა განაპირობა.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი