კახური სამზარეულო, ღვინო, ადგილობრივი პროდუქცია - ეს ყველაფერი თავს ერთ სივრცეში იყრის. სიღნაღში განსაკუთრებული მზადებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქი "შემოდგომის ფესტივალს" აღნიშნავს. გამოფენა-გაყიდვა, შემეცნებითი და გასართობი აქტივობები, კულინარიული მასტერკლასები - ღონისძიებები ყველა ასაკის სტუმარზეა გათვლილი.
შემოდგომის ფესტივალში მონაწილეობას იღებენ მეწარმეებიც. სტუმრების განსაკუთრებული ყურადღება კახური ღვინის კუთხემ მიიქცია. მეღვინეები საკუთარ ნაწარმს ღონისძიებაზე მისულ დამთვალიერებელს აცნობენ.
ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ საპატიო მოქალაქეებიც. მათ ჯილდო სხვადასხვა სფეროში საკუთარი საქმიანობისთვის და განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცათ.
"სიღნაღობა" მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარემ მიულოცა. შალვა პაპუაშვილმა შეკრებულებს სცენიდან სიტყვით მიმართა.
შემოდგომის ფესტივალი სიღნაღში წელს პირველად აღინიშნა. ორგანიზატორები ამბობენ, რომ ღონისძიება ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და მომდევნო წლებშიც ჩატარდება.