10 აგვისტო 2026,   12:11
ვრცლად
სპეცოპერაცია ნარკოდანაშაულის აღსაკვეთად, რომლის ფარგლებშიც 5 პირია დაკავებული - სად და რა მეთოდებით ასაღებდნენ ბრალდებულები ნარკოტიკებს

მრიცხველის სათავსო გასაყიდად გამზადებული ნარკოტიკი - ერთ-ერთი სამალავია. ე.წ. ფაქტის აღება მომხმარებელმა ვერ მოასწრო, პოლიციამ მდევნელი ცხელ კვალზე დააკავა და ნივთმტკიცებად "სუბუტექსი" ამოიღო.

ბოლო 24 საათში პოლიციამ "სუბუტექსის" 261 აბი, 36 აბის ნატეხი, "მდმა", „ამფეტამინი“, "ფსილოცინის" შემცველი სოკო, "ლირიკა", გამომშრალი მარიხუანა, 22 შეკვრა "კოკაინი" და ჰეროინი ამოიღო. ნარკოდანაშაულისთვის კი 5 პირი დააკავა, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.

"კურიერმა" ერთ-ერთის ვინაობა გაარკვია. ის 45 წლის თურქეთის მოქალაქეა. მის დასაკავებლად სამართალდამცველები რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო "ბილტმორთან" მობილიზდნენ. იბრაჰიმ ილმაზს ხელბორკილები სასტუმროს ნომერშივე დაადეს.

პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, სასტუმროს ადმინისტრაცია დაკავების დეტალებზე საუბარს თავს არიდებს. "კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ თურქეთის მოქალაქის საცხოვრებელი ოთახიდან პოლიციამ 22 შეკვრა "კოკაინი", "ლირიკა" და მარიხუანა ამოიღო.

"ჰეროინი", "ფსილოცინის" შემცველი სოკო და მარიხუანა ამოიღეს სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქის სახლის ჩხრეკისას. საპოლიციო ღონისძიება ნავთლუღის ქუჩაზე ჩატარდა - დაკავებულია 40 წლის მამაკაცი.

ცნობილია, რომ 5 დაკავებულიდან ნაწილი დუმილის უფლებას იყენებს.

5 პირს პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები ე.წ. დადების მეთოდით მოქმედებდნენ. ნარკოტიკის სამალავები ბრალდებულებმა სამართალდამცველებს თავად უჩვენეს.

სამართალდამცველებმა ბოლო დღეებში ნარკოტიკის გაყიდვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და საქართველოში შემოტანის მცდელობის არაერთი ფაქტი აღკვეთეს. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები. ჩატარებულ საპოლიციო ძიებებზე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმაც გაამახვილა ყურადღება.

ნარკოდანაშაულზე 20 წლამდე, ან უვადოდ პატიმრობაა გათვალისწინებული.

დღის ამბები