"საქმე გვაქვს კლასიკურ ორმაგ სტანდარტთან. ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ენა შეაჩვიეს - რატომღაც მიიჩნევენ, რომ შეუძლიათ არ ჰქონდეთ მტკიცებულება, მაგრამ მაინც შეუძლიათ ქვეყანა აკრიტიკონ, მით უმეტეს, შეადარონ ისეთ ქვეყნებს, რომლებიც ყველა სტანდარტითა და კრიტერიუმით ბევრად ჩამორჩება საქართველოს", - ეს განცხადება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევროკომისიის პროგნოზთან დაკავშირებით გააკეთა, რომელმაც საქართველოს 7,3%-იანი ეკონომიკური ზრდა უწინასწარმეტყველა.
მისივე შეფასებით, ეს პოლიტიკური მანიპულაციაა.
"საქმე გვაქვს პოლიტიკურ მანიპულაციასთან ამ შემთხვევაში, იმიტომ, რომ ერთი მხრივ, გვესმის ეს პოლიტიკური ყბადაღებული განცხადებები, მეორე მხრივ, არათუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების - ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებებშიც ქვეყანა ლიდერობს უამრავი მიმართულებით," - აცხადებს ლევან მახაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2025 წელს 7,3% იქნება, უკრაინის და მოლდოვის კი - 1,6%. ევროკომისიამ "ევროპის ეკონომიკური პროგნოზის" შემოდგომის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში წერია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა ძლიერი დარჩება და 7%-ს გადააჭარბებს.