13 აგვისტო 2026,   09:17
ვრცლად
"ვახტანგი იყო ძალიან უშიშარი, უკომპრომისო... ავტორიტეტი მისთვის მხოლოდ ვახტანგ ჭაბუკიანი იყო" - რატომ გაათავისუფლეს ვახტანგ ჭაბუკიანი ოპერისა და ბალეტის თეატრიდან ‣ ისტორია დეტალებში

1972 წლის 31 ოქტომბერს ვახტანგ ჭაბუკიანი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი და ქართული ბალეტის ყველაზე გავლენიანი ფიგურა, კულტურის მინისტრის, ოთარ თაქთაქიშვილის ბრძანებით, ოპერისა და ბალეტის თეატრიდან გაათავისუფლეს. ოფიციალური მიზეზი მძიმე ბრალდება იყო "ქართული ბალეტის დანგრევა".

ჭაბუკიანისთვის ეს დარტყმა ძალიან მძიმე აღმოჩნდა - გათავისუფლებიდან მალევე დეპრესიაში ჩავარდა, სახლიდან აღარ გადიოდა, ადამიანებს გაურბოდა, საკვებსაც თითქმის არ იღებდა. მოგვიანებით, ის ედუარდ შევარდნაძემ დაიბარა, პირველი მდივანი თბილად ესაუბრა და დაამშვიდა, თუმცა ჭაბუკიანის მდგომარეობა მაინც ძალიან რთული იყო.

მისი გათავისუფლებიდან 6 თვეში, 1973 წლის 9 მაისს, მაშინ, როცა საბჭოთა საქართველო ფაშიზმზე გამარჯვების 28-ე წლისთავს აღნიშნავდა, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი დაიწვა. ცეცხლი მაყურებელთა დარბაზში გაჩნდა და, მოწმეების თქმით, ერთდროულად რამდენიმე ადგილას. დაიწვა დარბაზი, სცენა და სერგო ქობულაძის უნიკალური, ხელნაკეთი ფარდა. სპეციალისტები აცხადებდნენ, რომ პარტერში არ არსებობდა ისეთი კომუნიკაცია, რომლის დაზიანებასაც ხანძრის გამოწვევა შეეძლო, ამიტომ გაჩნდა ვერსია, რომ ხანძარი ხელოვნურად იყო გაჩენილი.

გამოძიებამ ეჭვმიტანილთა წრე მალევე დააკავა. მათ შორის აღმოჩნდა ვახტანგ ჭაბუკიანის დისშვილი, ფილარმონიის სადადგმო ნაწილის ხელმძღვანელი თენგიზ რუხაძე. სწორედ მისი შვილი, თამარ რუხაძე, გადაცემაში "ისტორია დეტალებში" იხსენებს იმ პერიოდს.

თამარ რუხაძე: მამაჩემი, თავისთავად, არავის არ უშლიდა ხელს - ამით უნდოდათ ჭაბუკიანზე გასვლა, მისი მოშორება უნდოდათ. ეს მოხდა შევარდნაძის პერიოდში, შევარდნაძის გარემოცვამ იმოქმედა ამაზე, არც იცოდა ალბათ [შევარდნაძემ]. კულტურის სფეროდან ვიღაცას არ აწყობდა. ალბათ, ხალხი დაიღალა მისი წარმატებით, ასეთები ხომ არსებობენ. ალბათ, გავლენა მოახდინეს შევარდნაძეზე. შეიძლება, ეს იყო პირადი უთანხმოება."

- სავარაუდოდ, გულისხმობთ კულტურის მინისტრს, ოთარ თაქთაქიშვილს, რომელსაც ვახტანგ ჭაბუკიანმა უარი უთხრა, მის მუსიკაზე ბალეტის დაედგა.

თამარ რუხაძე: სავარაუდოდ, ეს იყო. ეს ყველაფერი რომ მოხდა, მე ვიყავი 11 წლის, - მერე უკვე მოხდა ამ ყველაფრის გარჩევა ოჯახის მხრიდან, ხოლო მე ახლა მათ მონაყოლს ვყვები. მინისტრის უკმაყოფილება ვახტანგით იმიტომ, რომ მის მუსიკაზე არ აკეთებდა ბალეტს, ეს მე კარგად მახსოვს ოჯახიდან. არ მოსწონდა მისი მუსიკა. ვახტანგი იყო ძალიან უშიშარი, უკომპრომისო - ყველა, ვინც მას იცნობდა, ამას დამეთანხმება. ავტორიტეტი მისთვის მხოლოდ ვახტანგ ჭაბუკიანი იყო. ის ერეოდა მხატვრობაში, სცენოგრაფიაში, მუსიკის დაწერაში. კომპოზიტორს რჩევებს აძლევდა, როცა ქმნიდა თავის ბალეტს. ის იყო რისკიანი, უშიშარი, არასდროს უფიქრია იმაზე, რომ რახან მინისტრია, ამიტომ დავდგამ მის მუსიკაზე ბალეტს - ეს გამორიცხული იყო.

დღის ამბები