17 აგვისტო 2026,   21:54
ვრცლად
თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფა საქართველოს საზღვრებთან - ნაპოვნია 20 დაღუპული და აღმოჩენილია ნივთმტკიცება

ავიაკატასტროფის შემდეგ გადარჩენილი ნივთმტკიცება იპოვეს, რომელიც თურქეთის საჰაერო ძალების დაღუპული 20 სამხედროდან ერთ-ერთს ეკუთვნის. თითქმის სამდღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია ყველა ცხედარი. ყველა მათგანი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

სამძებრო სამუშაოები, რომელშიც საქართველოსა და თურქეთის სპეციალური დანაყოფების 1000-ზე მეტი წარმომადგენელი იყო ჩართული, დასრულებულია. საგამოძიებო მოქმედებები კი ისევ გრძელდება. ავიაკატასტროფის მომენტიდან ოპერაციას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი პირადად ხელმძღვანელობს.

ავიაკატასტროფიდან მალევე, შემთხვევის ადგილზე ჩავიდა და სამძებრო სამუშაოებში 24-საათიან რეჟიმში ჩართულ სამხედროებთან ერთად უწყვეტად იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი. ოპერაციაში თავდაცვის ძალების ცოცხალ ძალასთან ერთად ჩართული იყო სამხედრო ტექნიკაც.

მაღალ დონეზე ჩატარებული ოპერაციისა და დახმარებისთვის საქართველოს ხელისუფლება მესამე დღეა, თურქული მხარისგან მადლობას იღებს. რამ გამოიწვია თურქეთის კუთვნილი სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის C-130-ის ჩამოვარდნა - საკითხზე საერთაშორისო გამოძიება გრძელდება.

თურქეთის საჰაერო ძალების კუთვნილმა სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავმა, ამერიკული წარმოების C-130-მა, იგივე „ჰერკულესმა“, კატასტროფა საქართველოს საზღვრიდან 5 კილომეტრში, 11 ნოემბერს, დაახლოებით 15 საათზე განიცადა. ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა. თურქეთის საჰაერო ძალების სამხედროები აზერბაიჯანიდან სამშობლოში ბრუნდებოდნენ.

დღის ამბები