15 აგვისტო 2026,   14:35
ვრცლად
რა წყაროს ეყრდნობა და რის მიხედვით ამზადებს ანგარიშებს "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" - სია, რომელშიც სხვადასხვა ქვეყანაში მედიის თავისუფლებაზე შესაძლო ზეგავლენის მქონე პირები სახელდებიან

საზღვრებს მიღმიდან მოსულმა ცნობამ გეოგრაფიულ არეალს მოაგნო, თუმცა არგუმენტები საზღვრებს მიღმა დარჩა და, როცა გლობალური შეფასებები, არა ფაქტებზე, არამედ შთაბეჭდილებებზე დაყრდნობით იწერება, უზუსტობები და შეცდომებიც არ აყოვნებს. საქმე ეხება ანგარიშს, რომელსაც "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" აქვეყნებს. კვლევაში "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ილონ მასკთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, ვიქტორ ორბანთან და რობერტ ფიცოსთან ერთად, მედიაპლურალიზმის შემზღუდველადაა მოხსენიებული. ბრალდებები რომ არგუმენტების გარეშეა მოყვანილი, ამას ის ფაქტობრივი შეცდომაც მოწმობს, რომლის მიხედვითაც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე პოლიტიკიდან გასულად არის მოხსენიებული.

რა წყაროებს ეყრდნობა და რის მიხედვით ამზადებს ანგარიშებს ორგანიზაცია? - ამას ვებგვერდზე ვერ ვპოულობთ. ფაქტია, რომ კვლევამდე ინფორმაციას, არა პირდაპირი კომუნიკაციით, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ან გარკვეული ლინკებიდან იღებენ. წყარო, არც კონკრეტულ ანგარიშზეა მითითებული, სამაგიეროდ, "ნაშრომს" თამაში დაურთეს, ალბათ იმ მიზნით, რომ მოთამაშეს მეტი თვითდაჯერება მიეცეს.

"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე", რომელიც თავს დამოუკიდებელ ორგანიზაციად აცხადებს, დაფინანსებას არაერთი წყაროდან იღებს, მათ შორის შემოსავლების 70% ისეთ დონორებზე მოდის, როგორიცაა ევროკავშირი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და გერმანია. ეს ფაქტი კი საქართველოს ხელისუფლებისთვის იმის დასტურია, რომ ორგანიზაცია გადამხდელების დაკვეთას ასრულებს და შესაბამისად, არც ობიექტურ რეალობას ასახავს.

ის, რაც საზღვრებს მიღმა ანგარიშის უცნობ ავტორს დააკლდა, საზღვრებს შიგნით დაამატა ოპოზიციამ. საქმე აქაც და ისევ, ფაქტობრივ შეცდომამდე მიდის.

"ნაციონალური მოძრაობის" მეგობრებს უხერხულობას არ უქმნით ის დუმილი, რომელიც 2012 წლამდე მათი ფურცლებიდან თუ გვერდებიდან ისმოდა. მმართველი გუნდი ორგანიზაციას სააკაშვილის მმართველობას ახსენებს, როდესაც მედია ტოტალურ კონტროლს ექვემდებარებოდა.

ორგანიზაციისგან, რომლისთვისაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არაფერია, ნიკა გვარამია კი მედია თავისუფლების უმაღლეს საფეხურზე დგას, არაფერი უკვირს მმართველ გუნდს. სახელისუფლებო პარტია ბრალდებებს არგუმენტებით პასუხობს. აქცენტი 2012 წლის შემდგომ გადადგმულ ნაბიჯებზე კეთდება, მაშინ როცა ხელისუფლების ცვლილებას, მედიაგარემოს გასაუმჯობესებლად, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებიც მოჰყვა.

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის მიმართ რომ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს, ამაში სახელისუფლებო პარტია ახალი ანგარიშით კიდევ ერთხელ დარწმუნდა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის დაზიანებას გარე და შიდა აქტორები ეროვნული ინტერესების დაცვის გამო ცდილობენ.

ბიძინა ივანიშვილთან ერთად, სიაში მსოფლიო გავლენიანი ლიდერები მოხვდნენ. მათ შორის - ილონ მასკი - კაცი, რომელიც მარსის კოლონიზაციას აპირებს და რომელიც ტრამპის ადმინისტრაციაში მთავრობის ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით მოვიდა. მასკი და ტრამპის ადმინისტრაცია აქტიურად ითხოვდა და ითხოვს გამჭვირვალობას. მათ შორის მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებით. დაფინანსების წყარო რამდენიმე მსხვილ ორგანიზაციას შეუწყდა. მედიის მიკერძოებულ და რადიკალურ მიზნებზე "იქსის" მფლობელი ღიად საუბრობდა, რაც, როგორ ჩანს, "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" საზღვრებში ვერ ჩაჯდა.

დღის ამბები