15 აგვისტო 2026,   14:27
ვრცლად
საგარეო საქმეთა მინისტრისთვის "კურიერის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული წერილი აღიარებაა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არა მთავრობამ, არამედ ბრიუსელმა შეუჩერა

საგარეო საქმეთა მინისტრისთვის "კურიერის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ეს წერილი აღიარებაა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არა მთავრობამ, არამედ ბრიუსელმა შეუჩერა. დიპლომატიური უწყებისთვის გაგზავნილ წერილში, პაველ ჰერჩინსკი ღიად ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების ფაქტობრივ შეჩერებას საფუძვლად 2024 წლის 27 ივნის ევროპული საბჭოს მიერ მიღებული დასკვნები დაედო. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ევროკავშირის გაფართოების ყველა ინსტრუმენტი არა საქართველოს, არამედ თავად ევროკავშირის ხელშია.

ევროკავშირის წარმომადგენლობის გზავნილის ადრესატი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა.

5 ნოემბრით დათარიღებულ წერილში წერია, რომ უსაფრთხოებისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებში საქართველო მონაწილეობას ვეღარ მიიღებს, ამ გადაწყვეტილება წინ განმარტებაც ახლავს.

"კურიერის" მიერ წერილის გავრცელებიდან რამდენიმე საათში, "ქართული ოცნების" ბრალდებებზე პასუხის გაცემა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერმა სცადა. თუმცა, ანიტა ჰიპერმა ის დაადასტურა, რაზეც პაველ ჰერჩინსკი ამავე წერილში საუბრობს.

ევროკავშირის რეალური მიზნები, "ქართული ოცნებისთვის" პაველ ჰერჩინსკის აღიარებითმა წერილმა ამხილა. მმართველ გუნდის თქმით, ბრიუსელმა საქართველოსთან მოლაპარაკებები 2024 წლის 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრის განცხადებამდე 5 თვით ადრე შეწყვიტა, თუმცა ევროინტეგრაციის შეჩერება ქართულ მხარეს და მიღებულ კანონებს დააბრალა.

ევროკავშირის ელჩისა და სხვა ევროპელი ლიდერების არაერთ განცხადებას, სადაც ისინი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებას მთავრობას აბრალებენ არქივი ინახავს.

ევროპელი ლიდერების ამ პოზიციას სრულად იზიარებენ ხელისუფლების ოპონენტები. მიუხედავად ჰერჩინსკის წერილისა, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების ფაქტობრივ შეჩერებას საფუძვლად 2024 წლის 27 ივნისს, ევროპული საბჭოს მიერ მიღებული დასკვნები დაედო, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ევროინტეგრაციას ხელი მთავრობამ შეუშალა.

დეზინფორმაციულ კამპანიაზე, ბრიუსელის უსამართლო მიდგომებსა და ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ევროკავშირმა მიზანმიმართული შეტევა ჯერ კიდევ 2022 წელს, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ დაიწყო, მაშინ როცა მთავრობამ სამშვიდობო პოლიტიკა აირჩია.

საქართველო -ევროკავშირის ურთიერთობასთან დაკავშირებით, დღეს, კომენტარი პრეზიდენტმა გააკეთა. მიხეილ ყაველაშვილის თქმით, საქართველო მზად არის მოლაპარაკებების ნებისმიერ დროს დასაწყებად.

პაველ ჰერჩინსის ოფისიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროში წერილი 2 დღის წინ მივიდა.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები