პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება და ოპოზიციური პარტიების ლიდერებისთვის წაყენებული ახალი ბრალი, შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ბრიფინგები ჩატარდა ოპოზიციურ პარტიებში, სადაც პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ.
"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი, გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ აუცილებელია შეიქმნას ერთიანი დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტი.
"[ხელისუფლება] იღებს გადაწყვეტილებას მძიმე მუხლებით საქმე აღძრას პოლიტიკური ლიდერების მიმართ. გენერალური პროკურატურა ამ საქმით არის დაკავებული. ჩვენი გუნდით, კიდევ ერთხელ გვინდა დავარწმუნოთ ჩვენი პოლიტიკური ლიდერები და მთელი საქართველო, რომ უიმედობის ნაცვლად, ეს გამოიწვევს ბრძოლის უფრო დიდ მოტივაციას. უნდა შეიქმნას ერთიანი დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტი," - აღნიშნა გიორგი კირთაძემ.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას თქმით, ამ ყველაფრის პასუხი უნდა იყოს ბრძოლა.
"ადამიანები, რომლებსაც უკვე პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, მაგრამ სულ რამდენიმე თვეში იქნებოდნენ თავისუფლებაზე, მათ ტოვებენ ციხეში მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ ვერ შევძლოთ ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური ერთიანობა. ეს პარტია, რომელიც არასდროს უშინდებოდა ბრძოლას და არ შეუშინდება არც დღეს, არც ხვალ და გააგრძელებს ბრძოლას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
რაც შეეხება "სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრების განცხადებას, მათი თქმით, ახალი ბრალდებები მეტ საპროტესტო ტალღას გამოიწვევს.
"ცხადია, ლიდერების შებოჭვა, ციხეში ყოფნა, პროცესებს გაართულებს, მაგრამ ეს აუცილებლად ნიშნავს უფრო მეტი ადამიანის პროტესტში ჩართვას," - აღნიშნა ნანა ტოხვაძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ საქმე ეხება საბოტაჟის, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ საქმიანობის დაფინანსების და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ მოწოდების ფაქტებს. გამოძიება საუბრობს უცხო ქვეყნისთვის ინფორმაციის და დოკუმენტური მასალების მიწოდებაზე. მოწოდებებზე რევოლუციის, დამხობის და სამართალდამცველებთან ფიზიკური დაპირისპირებისკენ. საუბარია სხვადასხვა პერიოდზე, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდგომ და 2024 წლის არჩევნების მერე განვითარებულ მოვლენებზე. ოპოზიციის რვა წარმომადგენელს ბრალი სხვადასხვა მუხლით წარედგინება.