ევროკომისიის მიერ ევროკავშირის გაფართოების შესახებ მომზადებული ყოველწლიური ანგარიში, ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში პირველად ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე წარადგინა. მარტა კოსმა სწორედ ევროდეპუტატებთან შეხვედრის დროს თქვა, რომ საქართველომ მიმდინარე წელს დემოკრატიის მხრივ უკუსვლა განიცადა, ქვეყანა ევროკავშირის გაფართოების პროცესს დაშორდა და კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა.
კომიტეტის შემდეგ მარტა კოსმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ერთად, ერთობლივ ბრიფინგზე გადაინაცვლა.
„გაცვეთილი პოლიტიკური ბრალდებები, სიცრუე, მტრული დამოკიდებულება და გამიზნული მავნებლობა“ - ბრიუსელში გაკეთებული განცხადებები თბილისში ასე ამოიკითხეს. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში განვითარებულ პროცესებს პარლამენტის თავმჯდომარე სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ის, რაც ბრიუსელიდან საქართველოს მიმართ ისმის, უსამართლობაა, რადგან ქვეყანა ყველა კრიტერიუმით უკრაინაზეც და მოლდოვაზეც წინ დგას. საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე გაკეთებული შეფასებები, სახელისუფლებო გუნდს იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ ბრიუსელმა თავად განიცადა ღირებულებითი უკუსვლა.
ბრიუსელში მიმდინარე პროცესებს ევროკავშირის ელჩი თვალს თბილისიდან ადევნებდა. პაველ ჰერჩისკიმ დღის ბოლოს შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ წლევანდელი ანგარიშის წარდგენა ადვილი არ ყოფილა.
საქართველოსთან დაკავშირებით, ბრიუსელში მომზადებული დოკუმენტის შინაარსი ოპოზიციისთვის უცხო არ არის. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას არ დაიწყებს, შეფასებები უფრო მწვავე იქნება.
„სამწუხარო და უსამართლოა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარისთვის პროცესი, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით ბრიუსელში მიმდინარეობს,“ - ლევან მახაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" მიზანია, გაფართოების პროცესი სამართლიანობის პრინციპის დაცვით წარიმართოს.
ბრიუსელის კრიტიკა თბილისში არ გაჰკვირვებიათ, თუმცა გაუკვირდათ ის, რომ 4 ოქტომბრის ძალადობრივი ქმედებები ერთი თვის თავზეც ევროპელი მაღალჩინოსნების მხრიდან დაუგმობელი დარჩა. ბრიუსელის პოზიციის დაცვა დღეს თბილისში ევროკავშირის ელჩს მოუწია.
ევროკომისიის მიერ ევროკავშირის გაფართოებაზე მომზადებულ 2025 წლის ანგარიშში საქართველოსთან ერთად ყველა კანდიდატი ქვეყნის შესახებ არის საუბარი.