17 აგვისტო 2026,   14:29
ვრცლად
"როდესაც ერთი ხელით სხვას აკრიტიკებენ, მეორე ხელით თავად ეხმარებიან რუსულ სამხედრო მანქანას გაძლიერებაში" - ლევან მახაშვილი ბალტიისპირეთის ქვეყნებზე

"ქართული ოცნება" ბალტიისპირეთის ქვეყნების ქმედებებს ორმაგ სტანდარტად აფასებს.

ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის კომპანიების ქსელი ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსული "ჩრდილოვანი ფლოტის" გემებს საწვავით ამარაგებს. ვრცელი ჟურნალისტური გამოძიება ლიეტუვის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაქვეყნა. გაირკვა, რომ დასავლეთის ფართომასშტაბიანი სანქციების მიუხედავად, ყოველდღიურად, რუსულ ტანკერებს ბალტიის ზღვაზე მილიარდობით დოლარის ღირებულების ნავთობი გადააქვთ. პარალელურად კი, ბალტიისპირეთის ეს ქვეყნები რუსეთის პოლიტიკურად და ეკონომიკურად იზოლაციის ყველაზე მხურვალე მომხრეებს შორის არიან.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ კარგია მსგავსი ინფორმაციების გასაჯაროება, რადგან რეალურად დაინახავს ყველა ბალტიისპირეთის სახელმწიფოების რეალურ სახეს.

"ეს ინფორმაცია კარგად აჩვენებს იმ თვალთმაქცურ მიდგომასა და სიყალბეს, რასაც ჩვენ ასე ხშირად ვისმენთ ხოლმე ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მხრიდან. იმის ნაცვლად, რომ სხვები აკრიტიკონ, ჯობია საკუთარ თავს შეხედონ და ნახონ რეალურად, რომ ერთი ხელით, როდესაც სხვას აკრიტიკებენ, მეორე ხელით თავად ეხმარებიან რუსულ სამხედრო მანქანას გაძლიერებაში. ამიტომ, აქ მთავარი არის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ყველაფერი იცის. იცის რეალურად, რა არის ამ ქვეყნების ინტერესები საქართველოსთან მიმართებაში და ის მყვირალა განცხადებები, რასაც აკეთებენ ხოლმე, ხშირად უსამართლო, ტყუილით სავსეა და რეალურად სხვა მიზნებს ემსახურება. თავად შევხედოთ ამ სახელმწიფოებს, არცერთი წამით არ იხევენ უკან. სადაც კი ნახავენ რაიმე სარგებელს, ეს სარგებელი მიიღონ, თუნდაც ეს გულისხმობდეს რუსული სამხედრო მანქანის გაძლიერებას. ამიტომ, კარგია, ასეთი ინფორმაციები რაც მეტად გასაჯაროვდება, ყველა რეალურად დაინახავს ნამდვილ სახეს ამ სახელმწიფოების," - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

 

დღის ამბები