15 აგვისტო 2026,   23:47
ვრცლად
მზია ამაღლობელის სახაროვის პრიზი მმართველი გუნდისთვის ქვეყნის მტრობაში მხილებაა და არა ჯილდო - ოპოზიციაში კი, ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას მისალმებიან

მზია ამაღლობელის სახაროვის პრიზი პარლამენტის თავმჯდომარისთვის ქვეყნის მტრობაში მხილებაა და არა ჯილდო. შალვა პაპუაშვილის თქმით, 4 ოქტომბრიდან დღემდე ევროპის პოლიტიკური ელიტა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმსა და თავდასხმას არ ემიჯნება, დუმილის რეჟიმში რჩება და ამაღლობელის დაჯილდოებაც ამ პროცესის გაგრძელებაა.

"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი სახაროვის სახელობის ჯილდოზე ევროპის სახალხო პარტიამ წარადგინა. ჯილდოს მიღების თაობაზე განცხადება გუშინ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა გააკეთა. პრემიერზე წარდგენას მზია ამაღლობელი ციხიდან გამოეხმაურა.

სახაროვის პრიზი იმ ადამიანებს, ჯგუფებს ან ორგანიზაციებს გადაეცემათ, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვისა და აზრის თავისუფლებისთვის იბრძვიან. მმართველი ძალისთვის მზია ამაღლობელის შემთხვევა ამ მიზანს აცდენილია. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროპარლამენტი ამაღლობელის დაჯილდოებით მის მიერ ჩადენილ დანაშაულს ახალისებს და ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებს.

ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას მისალმებიან ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ შესაძლოა ამაღლობელს სამართლებრივი გადაცდომა ჰქონდა, თუმცა მისი დაკავება აუცილებელი არ იყო და ამას ევროპულ სტრუქტურებშიც ხედავენ.

მზია ამაღლობელის საქმეზე საუბრის დროს, მმართველი ძალა მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე ამახვილებს ყურადღებას. დეპუტატების განცხადებით, პოლიციელისთვის სილის გაწნა კონკრეტული დანაშაულია, რასაც რეაგირებაც შესაბამისი მოჰყვა.

სახაროვის პრიზის 2025 წლის ლაურეატების დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია 16 დეკემბერს, სტრასბურგში გაიმართება. ლაურეატებისათვის დაწესებული ჯილდო კი 50 000 ევროს შეადგენს.

დღის ამბები