ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება. "ნაციონალურ მოძრაობაში" განმარტავენ, რომ მათ ალიანსი თავად არ დაუტოვებიათ და გაერთიანებიდან გარიცხვის შესახებ მხოლოდ ალიანსის ლოგოდან ამოშლის შემდეგ გაიგეს.
მანამდე კი პარტიაში აცხადებდნენ, რომ ალიანსთან კომუნიკაცია თავად აღარ ჰქონდათ.
შეფასებები კეთდება მმართველ გუნდშიც, სადაც თვლიან, რომ ოპოზიციას ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს და ახლა ყურადღების ცენტრში დარჩენას ამ გზით ცდილობენ.
პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, პარტიის მხრიდან ალიანსის დატოვებაზე გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს უნდა მიეღო, რაც არ მომხდარა.
"ჩვენ არ დაგვიტოვებია, ჩვენ გავიგეთ გუშინ, რომ გავირიცხეთ ალიანსიდან მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა, რომ ლოგოზე არ ვიყავით და მკაფიოდ ვამბობ, "ნაციონალურ მოძრაობას" რომ დაეტოვებინა [ ალიანსი], პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმები განსაკუთრებული სიხშირით მიმდინარეობდა და ა.შ. ჩვენ ისედაც აქტიური ალიანსში არ ვიყავით, მაგრამ ჩვენ არ დაგვიტოვებია ალიანსი. ახლა რა დროს ეს ჩვენი გარიცხვა იყო", - განაცხადა ანა წითლიძემ.
ავტორი: ნანა გოგატაძე.