17 აგვისტო 2026,   20:53
ვრცლად
იყო თუ არა ზვიად ცეცხლაძისთვის გამოცხადებული მხარდაჭერა ელჩის მოადგილის პირადი პოზიცია, იზიარებს თუ არა გზავნილის შინაარსს ევროკავშირის წარმომადგენლობა? - "რუსთავი 2"-ის კითხვებს დიპლომატიურმა უწყებამ კონკრეტული პასუხი არ გასცა

წერილი "რუსთავი 2-დან" ევროკავშირის ელჩის ოფისში დღეს გაიგზავნა. რამდენიმე საათში კი, ადრესატისგან პასუხიც მოვიდა, თუმცა ჩვენს მიერ დასმულ არც ერთ შეკითხვაზე კონკრეტული პასუხი არ მიგვიღია. ჰქონდა თუ არა პაველ ჰერჩინსკის ინფორმაცია, რომ მისი მოადგილის მიერ ხელმოწერილი წერილი გლდანის ნომერ მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში გაიგზავნებოდა? იყო თუ არა ზვიად ცეცხლაძისთვის გამოცხადებული მხარდაჭერა ელჩის მოადგილის პირადი პოზიცია, თუ გზავნილის შინაარს თავად ევროკავშირის წარმომადგენლობაც იზიარებს? პასუხებისგან თავის არიდება, დიპლომატიურმა უწყებამ დიპლომატიური პრაქტიკით სცადა.

უკრაინული "მაიდნის" სცენარის ქართულ რეალობაზე მორგებას ზვიად ცეცხლაძე ჯერ კიდევ გასულ წელს ცდილობდა. ამ ვიდეოში, რომელიც დაკავებამდე სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა, აქტივისტი აქციების დროს თავდაცვასა და თავდასხმაზე საუბრობს. ქვები, მავთულხლართები, პიროტექნიკა თუ გზის გადაკეტვა - ზვიად ცეცხლაძე მითითებებს ძალადობრივ აქციაში მონაწილე დემონსტრანტებს აძლევდა.

მსჯავრდებული ცეცხლაძის ვიდეო, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, დღეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფეისბუქ სტატუსს დაურთო. შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობას აკრიტიკებს და წერს, რომ ზოგიერთი დიპლომატი მხარს მოძალადეებს უჭერს.

ზვიად ცეცხლაძე სასამართლომ ჯგუფური მოქმედების ორგანიზებაში დამნაშავედ ცნო, საქმის მასალების მიხედვით, მისი საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცველებმა, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები და აქციისთვის საჭირო სხვადასხვა ატრიბუტი ამოიღეს, ამის მიუხედავად, ოპოზიციაში მაინც ამტკიცებენ, რომ ზვიად ცეცხლაძე უკანონო პატიმრობაშია.

ძალადობრივი აქციების ორგანიზატორისთვის მხარდაჭერის გამოცხადება, ძალადობის წახალისებაა "ქართული ოცნებისთვის". მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დიპლომატიური უწყების ეს ნაბიჯი დიპლომატიურ ჩარჩოებს სცდება. "კურიერის" შეკითხვებზე ევროკავშირის წარმომადგენლობის პასუხი კი, "ქართული ოცნებისთვის" დიპლომატიური უწყების მხრიდან პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მორიგი მცდელობაა.

პაველ ჰერჩინსკის ოფისიდან ნოემბერ-დეკემბრისა და აპრილი-მაისის აქციების ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორს წერილი 29 სექტემბერს მიუვიდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე და ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ძალადობრივ აქციამდე რამდენიმე დღით ადრე.

 

ავტორი: ნანუჩი გოგატაძე

დღის ამბები