20 აგვისტო 2026,   11:44
ვრცლად
ISFED ამტკიცებს, რომ 25 საინფორმაციო სააგენტოს საქმიანობა პირდაპირ, ან ირიბად მმართველ ძალასთანაა კავშირში - რა შეფასებები კეთდება კვლევაზე ადრესატების მხრიდან

"სამართლიანი არჩევნების" კვლევა თავად გახდა შესწავლის ობიექტი. მიზეზი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია გახდა. ISFED-მა სოციალური მედიის მონიტორინგი ჩაატარა და 25 საინფორმაციო სააგენტოს საქმიანობა შეისწავლა. შედეგად ამტკიცებენ, რომ ყველა მათგანი პირდაპირ ან ირიბად მმართველ ძალასთანაა კავშირში. მათი საქმიანობისთვის კი ბიუჯეტიდან რამდენიმე მილიონი ლარი იხარჯება. ხარჯების მიზნობრიობა კვლევაშიც კარგად ჩანს, ონლაინმედია ორგანიზაციებს თანხა სარეკლამო და საინფორმაციო მომსახურებისთვის აქვს მიღებულ, თანაც არა მიმდინარე, არამედ ბოლო 6 წელიწადში.

მედიაზე თავდასხმად აღიქვამს "პრაიმ ტაიმის" დამფუძნებელი ISFE-ის კვლევას. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ სქემაზე ჩანს, რომ "პრაიმ ტაიმი" ყველაზე ძვირად ანაზღაურებადი მედიაა და მისთვის გადარიცხული თანხა 200 ათას ლარს აჭარბებს. თაკო ფხაკაძის განცხადებით, ეს მონაცემები მანიპულაციურია და "სამართლიანი არჩევნები" შეგნებულად ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ეს თანხა ერთჯერადად ჩარიცხული ანაზღაურებაა, რეალობა კი, სულ სხვაა და სულ სხვა ინტერესი ამოძრავებთ თავად კვლევის ავტორებსაც.

"პრაიმ ტაიმის" მსგავსად ISFED-ს მედიის წინააღმდეგ ზეწოლის მცდელობაში ადანაშაულებენ სხვა ონლაინ სააგენტოებიც. ისინიც ფიქრობენ, რომ 6 წლის მონაცემები შეგნებულადაა დაჯამებული, რადგან კვლევის ავტორებს ჯამურად მასშტაბური თანხის მიღება სურდათ.

"სამართლიანი არჩევნების" მონიტორინგის შედეგები მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია მმართველი პარტიისთვის. საპარლამენტო უმრავლესობაში ამ ორგანიზაციის წარსულს იხსენებენ და ამბობენ, რომ ISFED-ი წლებია ყალბი ამბების შექმნითაა დაკავებული.

სახელისუფლებო პარტიის მიერ დადებულ კონტრაქტებზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმაც. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სხვა და სხვა პროექტების დაფინანსების კუთხით ხელისუფლება გამჭვირვალეა და კონკრეტული ორგანიზაციის კვლევის შედეგებს შეგნებულ სპეკულაციას უწოდებს.

სოციალური მედიის მონიტორინგმა ISFED-ის წინააღმდეგ იმაზე მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე წარსულში იყო. ორგანიზაციამ ყველა ბრალდება დღეს უპასუხოდ დატოვა.

დღის ამბები