20 აგვისტო 2026,   07:51
ვრცლად
მზადება საკონსტიტუციო სარჩელისთვის - მმართველი ძალის სარჩელი კონკრეტული პარტიებისთვის თუ პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას ითვალისწინებს

სარჩელი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობისა" და მასთან დაკავშირებული პარტიების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას გულისხმობს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდინარე კვირის ბოლომდე წარედგინება. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ ასაკრძალი პარტიების თუ იდივიდების ჩამონათვალი ვრცელი იქნება. მმართველი ძალის სარჩელი კონკრეტული პარტიებისთვის თუ პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას ითვალისწინებს.

აკრძალული პარტიის წევრებს პარტიული საქმიანობის გაგრძელების, სახელმწიფო ან პოლიტიკური თანამდებობის დაკავების და არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ. აკრძალულ პოლიტიკოსებთან თანამშრომლობა დაუშვებელი იქნება სხვა პარტიებისთვისაც.

ასაკრძალ პარტიებს შორის, პირველი, "ნაციონალური მოძრაობა" სახელდება. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, აკრძალვა იმ სუბიექტებზეც გავრცელდება, ვინც 2012-წლამდე ან მის შემდეგ ამ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობდა. ოპოზიციისთვის საკონსტიტუციო სარჩელი ანტიკონსტიტუციურია. ამბობენ, რომ აკრძალვის მიუხედავად, საქმიანობას სხვა გზით გააგრძელებენ.

საკონსტიტუციო სარჩელის საფუძველი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაა. მმართველი გუნდის განმარტებით, 450 გვერდიანი დოკუმენტი ფაქტებითა და მტკიცებულებებითაა გამყარებული და ბოლო 13 წლის განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტული პოლიტიკოსების თუ პარტიის დანაშაულს, ასევე, ქვეყნის წინაშე საბოტაჟის მცდელობებს უყრის თავს.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაირკვევა, რომელი პარტიები ჩაითვლებიან ანტიკონსტიტუციურად. სანქციები ამოქმედდება იმ პოლიტიკური ორგანიზაციების წინააღმდეგ, ვინც სასამართლოს ვერდიქტს არ დაემორჩილება.

დღის ამბები