"ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ გაცემულ დაპირებას ასრულებს და "ნაციონალური მოძრაობის" არაკონსტიტუციურად გამოცხადების მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით რამდენიმე დღეში მიმართავს. მთავრობის მეთაურის განმარტებით, სარჩელი 400-ზე მეტ პარტიას შორის ერთადერთ პოლიტიკურ ძალას - "კოლექტიურ ნაციონალური მოძრაობას" შეეხება.
კონკრეტულად რომელ პარტიას შეეხება სარჩელი, პრემიერი არ ასახელებს, თუმცა "ნაციონალურ მოძრაობაში" უკვე ემზადებიან სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის. როგორც სააკაშვილის გუნდში ამბობენ, პარტია არ არის იურიდიული ან სამართლებრივი სტატუსი და ბრძოლის გაგრძელებას ამ სტატუსის გარეშეც აპირებენ.
სარჩელი, რომელსაც მმართველი გუნდი ამზადებს, დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის 450-გვერდიანი დასკვნის საფუძველზე მომზადდა. როგორც დასკვნის თანაავტორი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, როგორც დასკვნა, ისე სარჩელი, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მომზადდა.
საკონსტიტუციო სარჩელის მომზადების პარალელურად, პარლამენტში, კანონმდებლებმა, გუშინ, 81 ხმით დაამტკიცეს საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც კონსტიტუციის დამრღვევ პარტიასთან კავშირში მყოფი პირები არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ, ვერ დაიკავებენ პოლიტიკურ თანამდებობას და აეკრძალებათ პოლიტიკური საქმიანობა. ცვლილებები სულ 4 კანონში შევიდა.
ავტორი: კესო ქაფიანიძე