ვენეციის კომისია უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონზე, გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებსა და "უცხოური გავლენის" შესახებ სხვა კანონებზე მოსაზრებას აქვეყნებს. კომისია აღნიშნავს, რომ FARA-ს ქართული ანალოგის არასაკმარისი სიცხადე და სიზუსტის ნაკლებობა ძირს უთხრის სამართლებრივ პრინციპებს, კანონით დაწესებული ვალდებულებები კი არაპროპორციულია. კომისიის აზრით, კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელ ანტიკორუფციულ ბიუროს მინიჭებული აქვს უკიდურესად ფართო დისკრეცია და მას არ გააჩნია დამოუკიდებლობის საკმარისი გარანტიები.
ეს არგუმენტები დაუსაბუთებელი და არასერიოზულია "ქართული ოცნებისთვის," სადაც აცხადებენ, რომ კანონი ამერიკული FARA-ს ზუსტი ანალოგია, რაც საერთაშორისო სტანდარტებთან დაკავშირებით ყველა კითხვას ხსნის. ვენეციის კომისიის კი, მათივე შეფასებით, ჩიხში შედის და განზრახ არ უნდა დაინახოს კავშირი ამ ორ კანონს შორის.
რაც შეეხება გრანტების კანონს - "ქართულ ოცნებაში" კომისიის მხრიდან მიკერძოებულ შეფასებაზე საუბრობენ და აღნიშნავენ რომ კომისია სცდება მის მანდატს.
"სამწუხაროდ, ვენეციის კომისიამ უკვე რამდენიმე წელია, აბსოლუტურად შეცვალა საკუთარი პრაქტიკა. მანამდე ვენეციის კომისიას ჰქონდა მკაფიოდ სამართლებრივი დასკვნები და ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ვხედავთ, რომ ეს არის პოლიტიკური დასკვნები, პოლიტიკური ანგარიში. ეს ანგარიში არის ყველაზე კარგი მაგალითი, რომ ვენეციის კომისია იქცა პოლიტიკური დასკვნების შემდგენლად და არა სამართლებრივი დასკვნებისა.
მაგალითად, როცა საუბრობენ FARA-ზე, რომელიც მოქმედებს ამერიკაში, იმასაც ვერ ბედავენ, თქვან, რომ ამერიკაში რომ მოქმედებს, კანონის უზენაესობას ეწინააღმდეგებაო. ამერიკას ვერ უბედავს ვენეცია, მაგრამ ამბობენ, რომ იქ კი არის, მაგრამ საქართველოში რომ მოქმედებს, იმაზე ვამბობთო. იმდენი სითამამე მაინც ეყოთ, თქვან, რომ ამერიკაში რაც მოქმედებს, ის ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობას," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, "ნებისმიერი იურისტისთვის ცალსახაა, ეს არის პოლიტიკური დასკვნა და არანაირი კავშირი არ აქვს იმ ძირეულ ამოცანასთან, რომელიც ვენეციის კომისიას ჰქონდა სამართლებრივ დასკვნებთან დაკავშირებით."
"რაც შეეხება სტიგმატიზებას, სტიგმატიზება რაში მდგომარეობს? თუ ამერიკაში არ სტიგმატიზდება, როგორ შეიძლება, ის სტიგმატიზდეს საქართველოში? რამე სხვადასხვა ჯიშის ხალხი ვართ ამერიკასა და საქართველოში, თუ რა ხდება? აბსურდია აბსოლუტურად ეს დასკვნა, რომ ის, რაც ამერიკაში მისაღებია, არ არის ქართველებისთვის მისაღები. თუ ასე სეგრეგაციულად უნდა შემოგხედოს ვენეციის კომისიამ, ეს კიდევ ცალკე საკითხია," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.