19 ივნისი 2026,   13:16
ვრცლად
ისრაელში დღეს აშშ-ის პრეზიდენტის ჩასვლას ელოდებიან - ტრამპი მძევლების ოჯახის წევრებთან შეხვედრას გეგმავს

განსაკუთრებული მზადებაა თელ-ავივის ბენ-გურიონის აეროპორტში. ისრაელში ამერიკის პრეზიდენტს ელოდებიან. როგორც უცხოური მედია წერს, დაგეგმილია დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლა ქნესეთში, ასევე მძევლების ოჯახის წევრებთან შეხვედრა. მოგვიანებით კი, ტრამპი სამშვიდობო მოლაპარაკებაში უშუალოდ მონაწილეობისთვის ეგვიპტეში გაემგზავრება.

ახლო აღმოსავლეთში გამგზავრებამდე აშშ-ის პრეზიდენტი მიმდინარე პროცესს სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

"ომი დასრულდა. ომი დამთავრდა, გესმით? კარგად ვაგვარებ ომებს. კარგად ვამყარებ მშვიდობას", - წერს ტრამპი და ამბობს, რომ ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შენარჩუნდება, რადგან ხალხი კონფლიქტით დაიღალა. მისივე განმარტებით, ჩამოყალიბდება ღაზის სამშვიდობო საბჭო და პალესტინური ანკლავის აღდგენა "თითქმის დაუყოვნებლივ დაიწყება".

განცხადება გააკეთა ისრაელის პრემიერ-მინისტრმაც. ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ მძევლების გათავისუფლება ისტორიული მოვლენა და ახალი გზის დასაწყისი იქნება. ნეთანიაჰუმ ხაზი გაუსვა ამ მომენტში ეროვნული ერთიანობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ "სამხედრო კამპანია ჯერ არ დასრულებულა".

დღის ამბები