მმართველი გუნდი საეჭვო დამთხვევებზე საუბრობს. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საბოლოო დასკვნას გამოძიება დადებს, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს. მათივე შეფასებით, კითხვებს ბადებს ის ფაქტიც, რომ ახალაია და მისი მეუღლე 4 ოქტომბრის მოვლენებს მშვიდობიანს უწოდებენ.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ მმართველ გუნდს დამთხვევების არ სჯერა.
"ჩვენ დამთხვევების არ გვჯერა, რამდენიმე დღით ადრე ასაფეთქებელი ნივთიერებები შემოვიდა საქართველოში, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს, ასევე, იმ დღეს იქნა ამოღებული ძალიან დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, იარაღები მცხეთაში და ესეც, ვფიქრობთ, რომ დამთხვევა არ არის, თუმცა ამასაც გამოძიებამ უნდა უპასუხოს. ბატონი ახალაიას ჩანაწერი, რისი გადამოწმებაც ხორციელდება, ავთენტიკურია თუ არა, თუმცა არსებობს საფუძვლიანი ეჭვი მისი ბინძური წარსულიდან გამომდინარე, რომ ეს ჩანაწერი ავთენტიკური იყოს, თუმცა აქაც, რა თქმა უნდა, გამოძიების პასუხებს უნდა დაველოდოთ. ეს ყველაფერი ერთობლიობაში ძალიან უცნაურად ემთხვეოდა ერთმანეთს, ასეთი დამთხვევები ფიზიკურად არ არსებობს და ახლა, როდესაც ბატონი ახალაია და მისი მეუღლე საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს ეს ყველაფერი მშვიდობიანი იყო, რა თქმა უნდა, ამით კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს ბადებენ", - აცხადებს მაჭავარიანი.