საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ წევრები ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს შეხვდნენ და 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.
გიორგი კაკაურიძემ დეპუტატებს ქვეყნის ძირითადი ფინანსური დოკუმენტი გააცნო. საკითხის განხილვისას პოლიტიკური ჯგუფის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებზე, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციასა და ამ მიმართულებებზე გამოყოფილ დაფინანსებაზე.
„2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას გამოიკვეთა, რომ სამინისტროების დაფინანსება ფაქტობრივად ყველა მიმართულებით იზრდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ იზრდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხარჯები და კიდევ უფრო მეტი სოციალური პროექტები დაფინანსდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაც იზრდება. რაც შეეხება ხელფასების გაზრდის საკითხს, აღსანიშნავია, რომ როგორც საჯარო სექტორში დასაქმებულებს, ასევე ჯარისკაცებს და პოლიციელებს მომავალი წლიდან ხელფასები ეზრდებათ და ასევე 10%-ით გაზრდილ ხელფასს მიიღებენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომლებიც, რაც თავისთავად მისასალმებელი ფაქტია. მიგვაჩნია, რომ ზოგადად ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი რეალისტურად არის დაგეგმილი. ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს მხარს დაუჭერს“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ბოჟაძემ.