მაშინ, როდესაც უკვე 7 დღეა რესპუბლიკელები და დემოკრატები სენატში მსჯელობენ, დაამტკიცონ თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტი, ამავე სახელმწიფოს მოქალაქეები იმ საჯარო სერვისების გარეშე რჩებიან, რომელიც სრულფასოვანი ცხოვრებისთვის აუცილებელია.
მთავრობის მუშაობის შეჩერების შემდეგ ხარვეზები შეიქმნა აეროპორტებში. უკვე მეორე დღეა თანამშრომლები, რომლებიც ხელფასს ვერ იღებენ, სამსახურში აღარ მიდიან. მომსახურე პერსონალის სიმცირე ნიუარკის, ფინიქსის, დენვერის, ლას ვეგასისა და ბერბანკის ტერმინალებში მრავალრიცხოვან რიგებს იწვევს.
კრიზისულია სიტუაცია ფლორიდაშიც, სადაც რეგიონი ქარიშხლების სეზონის ყველაზე აქტიურ ფაზაში შედის. მაშინ, როდესაც შტატში ბუნებრივი კატასტროფებისთვის სამზადისი უნდა მიმდინარეობდეს, "შათდაუნის" გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რესურსები ყოველდღიურად მცირდება. ორგანოს ამ დროის მონაცემებით, მას 4 000-ზე ნაკლები თანამშრომელი ჰყავს, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მცირე მაჩვენებელია. ისინი კი, ვინც სამსახურში არიან, უხელფასოდ მუშაობენ.
სანამ მოსახლეობა მიმდინარე პროცესებს აპროტესტებს, შეერთებულ შტატებში ურთიერთბრალდებები ისმის. ფაქტია, რომ "შათდაუნის" დასრულების გასაღები დემოკრატების ხელშია, მათ კი, საკუთარი მოთხოვნები აქვთ. სანამ ჯანდაცვის მიმართულებით ტრამპის პოლიტიკა არ შეიცვლება, დემოკრატები ბიუჯეტის დამტკიცებას მხარს არ დაუჭერენ. თავად დონალდ ტრამპი კი აცხადებს, რომ არ იცის, პრობლემის მოსაგვარებლად ვის უნდა ესაუბროს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ხელისუფლებამ მუშაობა 1-ელ ოქტომბერს შეწყვიტა. ამ დროის განმავლობაში სენატმა დროებით საბიუჯეტო დოკუმენტს კენჭი უკვე 5-ჯერ უყარა, თუმცა თითოეული მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ეს ნიშნავს, რომ ამერიკაში "შათდაუნი" გრძელდება.