წელიწადის ამ დროს ქართული მეღვინეობის პატარა, მაგრამ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მხარეში განსაკუთრებული სამზადისია. ყველა ვენახისკენ მიდის, რაჭაში რთველი აქტიურ ფაზაშია.
რაჭა-ლეჩხუმში ბევრი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი იკრიფება, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა კერძო კომპანიებს აბარებს. მთავარი ჯიში ალექსანდროული და მუჯურეთულია, რომლის შერევითაც ცნობილი ღვინო - ხვანჭკარა მზადდება. ამ დროის მონაცემებით, ამბროლაურში 800 ტონა ყურძენია გადამუშავებული.
რთველის პარალელურად, რაჭაში ამოქმედებულია სუბსიდირების პროგრამა. 1 კილოგრამ ყურძენზე 4 ლარის სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც ერთ კილოგრამ ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის.
ქვეყანაში, სადაც ღვინის დაყენების 8000 წლიანი ტრადიციაა, რთველი კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდება. რაჭა-ლეჩხუმში და კახეთში სპეციალური საკოორდინაციო შტაბები მუშაობს.