20 აგვისტო 2026,   01:03
ვრცლად
"მიუხედავად იმისა, რა წესებითაც ხდება მოქმედებები, საქართველო ინარჩუნებს მეგობრულ ურთიერთობებს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვუფრთხილდებით წლების განმავლობაში ნაშენებ ურთიერთობებს" - მაკა ბოჭორიშვილი

"ქართული ოცნება" დიპლომატებისა და გარე აქტორების მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ფაქტებზე საუბრობს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ელჩების მხრიდან ვენის კონვენციის დარღვევის მიუხედავად, მოთმინების პოლიტიკას ატარებენ. ასევე განმარტავენ, თუ რატომ იკავებს ხელისუფლება თავს მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღებისგან, მათ შორის, ამა თუ იმ ქვეყნის ელჩის გაძევებისგან.

"ჩვენ ძალიან კარგად ვაფასებთ ყველა იმ მოვლენას, რომელიც ჩვენს გარშემო ვითარდება - ყველა ელჩის ქმედებას, ვიცით, რასთან გვაქვს საქმე, თუმცა, გვაქვს მოქმედების ჩვენი პრინციპები. ჩვენ არაერთხელ ვაცნობეთ საზოგადოებას, რომ ჩვენ ვრჩებით ცალმხრივად მეგობრობის, პარტნიორობის რეჟიმში იმ ქვეყნებთანაც კი, რომლებიც უხეშად ერევიან. ძალიან კარგად ვიცით, რა წერია ვენის კონვენციაში, ზუსტად ვიცით, როგორი ქცევა შეესაბამება ვენის კონვენციას. ჩვენც გვყავს დიპლომატები, რომლებიც არ ერევიან სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში. თუ ისინი ამას გააკეთებენ, ზუსტად ვიცით, რომ იმ ქვეყნებიდან იქნება შესაბამისი რეაგირება. ჩვენც ვხედავთ, ვაფასებთ იმ საქმიანობას, რომელსაც ახორციელებენ ზოგიერთი ქვეყნის ელჩები საქართველოში, რაც მიუღებელია, თუმცა მიუხედავად იმისა, რა წესებითაც ხდება მოქმედებები, საქართველო ინარჩუნებს მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით წლების განმავლობაში ნაშენებ ურთიერთობებს," - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები