დედაქალაქის თვითმმართველობის მთავარ ორგანოს დღეს საკრებულო წარმოადგენს, სადაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხები წყდება. საკრებულოს შენობა კი თბილისის მთავარ მოედანზე დგას. ისტორიულმა შენობამ საბოლოო იერსახე მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, არქიტექტორ პაულ შტერნის პროექტით შეიძინა და სწორედ იმ დროინდელი სახით მოაღწია დღემდე.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კოშკურაზე განთავსებულ საათს, რომელიც ჯერ კიდევ 1884 წელს დადგა ცნობილმა მესაათემ იულიუს გენემ.
მას შემდეგ ეს საათი თითქმის არასოდეს გაჩერებულა. 20-ე საუკუნის დასაწყისში მექანიზმს ერთ–ერთი გირი მოწყდა, რომელმაც იატაკიც კი ჩაანგრია, თუმცა თბილისის მთავარი საათი მაინც არ გაჩერებულა, სანამ შეაკეთებდნენ, მესაათე ისრებს ხელით ატრიალებდა.
ავტორი: ანი გენებაშვილი