"გავიხსენოთ ქვეყნის გარედან არაერთი წამახალისებელი მოწოდება ამ დესტრუქციის მიმართ", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე გარე ძალების ჩარევის შესახებ კითხვაზე პასუხად.
"არაფერს ვამბობ შეურაცხმყოფელი ბანერების ფონზე განცხადებებზე, არაფერს ვამბობ სასამართლო პროცესებზე დასწრებაზე თარჯიმნით თუ თარჯიმნის გარეშე.
ყველას კარგად გვახსოვს პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადება. შემდეგ არასრულ ერთ დღეში ევროკავშირის ელჩის მოწოდება და მისი მხრიდან პრემიერის განცხადების სრულიად ინტერპრეტირებული, დამახინჯებული და ყოველგვარ რეალობას აცდენილი განცხადება. აი, ამ ძალასთან გვაქვს ჩვენ საქმე.
გარე სპეცსამსახურებს უდიდესი როლი აქვთ. არაერთხელ გვითქვამს, რომ სწორედ ისინი არიან იმ სცენარის ავტორები - ბრიუსელში გამაგრებული ბიუროკრატია, რომელსაც ძალიან ღრმად აქვს ფესვები გადგმული, „დიფ სთეითის“ აგენტურაზე მაქვს საუბარი, მათივე ხელდასმული პოლიტიკოსები, რომელთა სახელები და გვარები საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის.
ყველას კარგად გვახსოვს, რომ საპარლამენტო არჩევნები იქნებოდა თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სად ატარებდნენ ეს სახელებით და გვარებით ქართველები და უსამშობლოთა გაერთიანება წინასაარჩევნო კამპანიას - ბრიუსელში, სხვადასხვა ინსტიტუციის დერეფნებში.
ამ ყველაფრის შემდეგ რატომ უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც ისინი [გარე ძალები] არიან ამ დავალების მიმცემი და აქ ე.წ. ოპოზიცია, ეს რადიკალური და ექსტრემისტული ძალა ყურმოჭრილად და ვასალურად ასრულებს მათ დავალებებს. ასრულებენ მათ დავალებებს? მიდიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ? პასუხი გაეცემა ყველას", - განაცხადა კირცხალიამ.