20 აგვისტო 2026,   01:56
ვრცლად
ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგებით საქართველო სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში კვლავ უმაღლეს შეფასებას იღებს - მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყანა 188 სახელმწიფოს შორის უკვე მე-10 წელია ადგილს ე.წ. პირველ კალათაში ინარჩუნებს

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგებით საქართველო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში კვლავ უმაღლეს შეფასებას იღებს. მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყანა 188 სახელმწიფოს შორის უკვე მე-10 წელია ადგილს ე.წ. პირველ კალათაში ინარჩუნებს. 2025 წელს ამ შედეგის მიღწევა მხოლოდ 33-მა ქვეყანამ შეძლო. გასული წლების მსგავსად, საქართველო წელსაც ერთადერთი სახელმწიფოა რეგიონში და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველო სრულად აკმაყოფილებს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სტანდარტებს. შედეგების გაუმჯობესების მხრივ გაიცა რეკომენდაციებიც. მაგალითად: სექსუალური ტრეფიკინგის საქმეების აქტიური გამოძიების, მსჯავრდადებულებისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრის.

სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და სამოქალაქო საზოგადოებასთან მეტი თანამშრომლობის მხრივ. დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ საანგარიშო პერიოდში რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონებში საერთაშორისო ორგანიზაციებს აქტიური მოქმედება შეზღუდული ჰქონდათ.

ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მხრივ წამყვანი როლი აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს. უწყებაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში დადებითადაა შეფასებული საკანონმდებლო ბაზა და ყველა ის მიმართულება, რომელიც ამ მასშტაბის დანაშაულისთვისაა განსაზღვრული.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აისახა გენერალური პროკურატურის მიერ გამოცემული დირექტივაც. საგამოძიებო უწყება აქვეყნებს სტატისტიკასაც, თუ რა მიღწევები აქვს პროკურატურას ბოლო წლებში მძიმე დანაშაულთან ბრძოლის კუთხით.

ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ აქტიურად მუშაობას ჯანდაცვის სამინისტრო. უწყება ტრეფიკინგის მსხვერპლის დაცვასა და მხარდაჭერაზეა პასუხისმგებელი. პროცესში აქტიურადაა ჩართული სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო.

ტრეფიკინგი ადამიანის უფლებების დარღვევის უხეში ფორმაა. მასთან ბრძოლაც რთული და კომპლექსურია. ეფექტიანი შედეგის მისაღებად კი რამდენიმე სახელმწიფო უწყების ერთობლივ მუშაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

დღის ამბები