16 აგვისტო 2026,   10:37
ვრცლად
"სტაციონარულად კამერების განთავსების შემთხვევაში ის მიმართული უნდა იყოს საარჩევნო ყუთისკენ, არც ერთ შემთხვევაში ამომრჩევლისკენ და აუცილებლად საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მითითების შესაბამისად" - გიორგი კალანდარიშვილი

"ნებისმიერ უფლებამოსილ პირს, რომელსაც შეუძლია იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, ფოტო-ვიდეო გადაღების უფლება გააჩნია მხოლოდ შესაბამისი რეგულაციების მიხედვით და ეს რეგულაციები არც ერთ შემთხვევაში არ ითხოვს წინასწარ განცხადებას, რაიმე შეთანხმებას ამის თაობაზე და ა.შ. მინიმალური კრიტერიუმების გათვალისწინებით, თუ ისინი დაიცავენ ამ პირობებს, ყველას ექნება ამის შესაძლებლობა", - ამის შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა. 

კალანდარიშვილის თქმით, გადაღებისას კადრში არ უნდა მოხვდეს პერსონალური მონაცემები, ასევე უბნის ტერიტორიაზე გადაღების დრომ არ უნდა გადააჭარბოს 10 წუთს.

"თუ სწორად მახსოვს, ეს იყო 2010 თუ 2011 წელი, როდესაც კამერების გამოყენება ადმინისტრაციის მხრიდან კენჭისყრის შენობაში კანონიდან ამოღებულ იქნა, მას შემდეგ ერთი არჩევნები იყო - 2020 წელი, როდესაც ვიდეოფიქსაციაში იყო პოლიტიკური შეთანხმება, რომ ხმის დათვლის დროს განთავსებულიყო კამერები, რომლებიც უშუალოდ დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციას განახორციელებდა, სხვა პერიოდში უკვე თითქმის 20 წელია, საარჩევნო ადმინისტრაციას არც ერთ საარჩევნო უბანზე არ განუთავსებია ფოტო თუ ვიდეო გადაღების საშუალება. თუ ვინმეს აქვს გადაღებული, დამონტაჟებული, განთავსებული ან აპირებს ამის გაკეთებას, ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს შესაბამისი წესისა და ინსტრუქციის/რეგულაციის მიხედვით, რომელიც, ამბობს იმას, რომ თუ მაგალითად უბანზე გადაადგილდება უფლებამოსილი პირი, მან ეს 10 წუთზე მეტი არ გააკეთოს, 10 წუთზე მეტი თუ აპირებს ვინმე, რომ საარჩევნო უბანზე გადაიღოს სხვადასხვა პროცედურები, რა თქმა უნდა, პერსონალური მონაცემების დაცვით, რომ არ მოხვდეს გადაღებაში პერსონალური მონაცემები, ამის შემდგომ მათ აქვთ ერთადერთი შემთხვევა, რომ სტაციონარულად კამერების განთავსების შემთხვევაში ეს კამერები მიმართული იყოს საარჩევნო ყუთისკენ, არც ერთ შემთხვევაში არ იყოს მიმართული ამომრჩევლისკენ და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მითითების შესაბამისად. 

არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ოპოზიციური, პოზიციური თუ დამკვირვებელი, მნიშვნელობა არ აქვს ვინც არ უნდა გააკეთოს - განაცხადებენ წინასწარ ამის თაობაზე თუ არა, ნებისმიერი კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლებამოსილ პირს, რომელსაც შეუძლია იმყოფებოდეს, მას ფოტო-ვიდეო გადაღების უფლება გააჩნია მხოლოდ შესაბამისი რეგულაციების მიხედვით და ეს რეგულაციები არც ერთ შემთხვევაში არ ითხოვს წინასწარ განცხადებას, რაიმე შეთანხმებას ამის თაობაზე და ა.შ. იმ მინიმალური კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომელზედაც უკვე ვისაუბრეთ, თუ ისინი დაიცავენ ამ პირობებს, ყველას ექნება ამის შესაძლებლობა", - აცხადებს გიორგი კალანდარიშვილი.

დღის ამბები