ახალი 10 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი სამ სართულიანი ავარიული შენობის ნაცვლად - თბილისის მერმა, კახა კალაძემ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, სამგორში, ახალი ბინების გასაღებები 12 ოჯახს გადასცა, სულ კი, დეკემბრამდე, 29 ოჯახი დაკმაყოფილდება. კალოუბნის ქუჩაზე ავარიული კორპუსის დემონტაჟი, მფლობელებთან შეთანხმებით, ორი წლის წინ განხორციელდა.
ახალ ბინას გასაღები მოარგო და დღიდან კალაუბნის 18 ნომერში ოჯახთან ერთად იცხოვრებს - ნატო ბედოშვილმა უკვე კარგად იცის, როგორ მოაწყობს საკუთარ სახლს, რომელსაც დიდი ხანი ელოდა.
მანამდე, ახალგაზრდა ქალი 3-სართულიან ძველ პოლიკლინიკის შენობაში ცხოვრობდა. "კურიერთან" იხსენებს, რომ ყოველდღე ბინას ახალი ბზარები უჩნდებოდა. მეზობლებმა ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს და ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამით ისარგებლეს.
ოჯახების მოთხოვნა მალევე დაკმაყოფილდა. 2023 წელს კალაუბნის 18-ში ავარიული ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო, ორი წლის შემდეგ კი 3-სართულიანი შენობა 10-სართულიანმა, მრავალბინიანმა კორპუსმა ჩაანაცვლა.
ამ კორპუსის მობინადრეა გიული ფიფინაშვილიც. ავარიულ შენობაში ყოფნა 17 წელი მოუწია. ახლა კი გარემონტებულ ბინაში შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად აპირებს ცხოვრებას.
მობინადრეებს ბინის გასაღები დღეს კახა კალაძემ პირადად გადასცა.
კალაუბნის 18-ში აშენებულ 10-სართულიან კორპუსში 29 ოჯახი იცხოვრებს. მათთვის გადაცემული ყველა ბინა თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება.
ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამის მთავარი მიზანი მოსახლეობის უსაფრთხოება და დედაქალაქის განახლებაა - კახა კალაძემ მერიის მთავარ პრიორიტეტზე დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა.
კალაუბნის 18 ნომერში 10-სართულიანი მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობის ღირებულება 7 მილიონ 764 844 ლარია.