კადრებში, რომელიც "კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა, ჩანს, როგორ აცილებს მურთაზ ზოდელავა მისი და ბაჩო ახალაიას საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოდან პაატა ბურჭულაძეს. "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ახალიას ბინაში შეკრება 4 ოქტომბრის აქციის დაგეგმვას უკავშირდებოდა. ფაქტი ვერც თავად პაატა ბურჭულაძემ უარყო და თქვა, რომ კონსულტაციებს მართავს ყველასთან, ვინც მის შეხედულებებს იზიარებს.
ოპოზიციის გეგმასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აღარ აქვს "ქართულ ოცნებას". მმართველი პარტია ქვეყანაში არეულობის მოწყობისთვის უცხოური სპეცსამსახურებისა და "ნაციონალური მოძრაობის" ერთობლივ სცენარზეც საუბრობს. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ გაშიფრულია დაფინანსების ის სქემაც, თუ როგორ ცდილობენ ახალგაზრდების ჩართვას რადიკალურ პროცესებში. საუბარია ფრანკლინის კლუბის ბაზაზე შექმნილ, მკაცრად გასაიდუმლოებულ სასწავლო ცენტრზე, რომელიც გიული ალასანიას კუთვნილ საქართველოს უნივერსიტეტშია გახსნილი.
ბურჭულაძისგან განსხვავებით, ბაჩო ახალაიასთან კონსულტაციებს უარყოფს მურთაზ ზოდელავა და ამტკიცებს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი მისი მეზობელია, ბურჭულაძე კი თანამოაზრე და ხშირად ხვდება.
"კურიერის" მიერ მოპოვებული ინფორმაცია მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთი დასტურია, რომ ბურჭულაძე დავალებებს ბაჩო ახალაიასგან იღებს, ახალაია კი თავის მხრივ, კონსულტაციებს უკრაინაში მყოფ გია ლორთქიფანიძესთან მართავს. ამ პროცესში კი მსოფლიო ბანის ჩართვა, საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაწერილი გეგმის მხოლოდ ერთი ნაწილია.
ყოფილ თანაგუნდელთან კონსულტაციებს არ ადასტურებენ მიხეილ სააკაშვილის მოქმედი თანაპარტიელები. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამტკიცებენ, რომ არ იციან, შეხვდა თუ არა ბაჩო ახალაია პაატა ბურჭულაძესა და მურთაზ ზოდელავას. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი მსოფლიო ბანსაც და მის დაგეგმილ აქციასაც კატეგორიულად ემიჯნება.
სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ ქვეყანაში არეულობას არ დაუშვებენ და ოპონენტებს კანონის დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.
"კურიერის" მიერ მოპოვებული კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ბაჩო ახალაიას საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოდან პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა გამოდიან, რამდენიმე დღის წინ არის გადაღებული.