სამცხე-ჯავახეთში დღემდე შემორჩენილია მეცხვარეობის ტრადიცია. სოფელში თითქმის ყველა ოჯახს რამდენიმე სული საქონელი მაინც ჰყავს, რადგან აქ ზაფხულის საძოვრები უხვადაა და ტრადიციული მეურნეობა დღემდე ინარჩუნებს მნიშვნელობას.
მთის მკაცრი კლიმატის გამო, ადგილობრივებს ზამთარში ცხვარი ბარში ჩამოჰყავთ. გოგაშენში შემორჩენილია ტრადიციული ჯავახური საცხოვრებლებიც, რომლებიც საუკუნეებს ითვლიან.
სოფელ გოგაშენში ვერ ნახავთ ოჯახს, რომ რამდენიმე სული საქონელი მაინც არ ჰყავდეთ. ზაფხულის საძოვრები აქ უხვადაა და ჯავახებიც ძირძველ ტრადიციას ერთგულად მისდევენ.
სულ ცოტა დრო რჩება ცხვრების ვარძიისკენ, ჭაჭკარში გადაყვანამდე. მთის ცივი ზამთრის გადატანა პირუტყვს ძალიან უჭირს, ამიტომ გოგაშნელები გამოსაზამთრებლად თავის ძირძველ მიწაზე, ბარში ჩადიან. ბარში ჩასვლამდე კი საქმე მატულობს. დავითს საკმაოდ დიდი ცხვრის ფარა ჰყავს და სამუშაოც ძალიან ბევრი აქვს. დღეში რამდენიმე ათეული ცხვრის გაპარსვა არ არის მარტივი საქმე.
ცხვარს ძველი მეთოდით, მაკრატლით პარსავს. კი, არის ელექტრო საპარსებიც, მაგრამ დავითი ასეა მიჩვეული. რა თქმა უნდა, ადგილობრივები ყველანაირი სამუშაოს დროს ერთმანეთს ეხმარებიან, განსაკუთრებით ახალგაზრდები.
ის, რომ მთის სოფლები ნელ-ნელა იცლება, ყველამ იცის. ყველანაირი საქმის კეთება გოგაშნელებს მინიმალურ პირობებში უწევთ. თუ ადრე აქ 150-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობდა, დღეს გოგაშენში მათი მეოთხედი თუ დარჩა. აქაურობის მთავარი პლიუსი კი ის არის, რომ ყველაფერი ნატურალურია. არანაირი მინარევები და დანამატები. ყველა ოჯახს ყველიც თავისი წარმოების აქვს და ფქვილიც.
ლალი ხუციშვილი გოგაშენში ერთადერთია, ვინც ცხვრის მატყლს ყველანაირად იყენებს. ქსოვა ჯერ კიდევ ბავშვობაში ბებიისგან ისწავლა და დღეს ეს საქმე მისთვის დასვენებაცაა და პატარა შემოსავლის წყაროც. ნატურალური მატყლის მოვლასაც დრო და ცოდნა უნდა, რაც ბევრს ეზარება.
გოგაშენში შემორჩენილია ტრადიციული ჯავახური საცხოვრებლებიც, რომლებიც საუკუნეებს ითვლიან. დღეს ამ ძველ მიწურ სახლებს სადგომებად, სათავსოებად და პროდუქტის შესანახად იყენებენ, თუმცა ისევე უვლიან, როგორც საკუთარ სახლებს.
მშვიდი და წყნარი ცხოვრებით ცხოვრობს ჯავახური გოგაშენი. როდესაც ჯავახეთში ვარძიის მოსანახულებლად ახვალთ, შეეცადეთ მოინახულოთ ჭაჭკარი და გოგაშენიც. ეს არის მუზეუმები ღია ცის ქვეშ.
ავტორი: გიორგი ქორქია