70 წლის ნიკოლა სარკოზისთვის მართლმსაჯულებასთან ურთიერთობა უცხო არ არის. გამოძიებასთან ის წლების განმავლობაში თანამშრომლობდა. ეკეთა ელექტრონული სამაჯურიც, მისჯილი ჰქონდა შინაპატიმრობაც, თუმცა ციხის კართან პირველად აღმოჩნდა. პარიზის სასამართლოს გადაწყვეტილება საფრანგეთის ისტორიისთვისაც პირველი შემთხვევაა, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს პატიმრობა შეეფარდა -5 წლის ვადით. საქმე ეხება საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებას 2007 წელს და ლიბიის დიქტატორ მუამარ კადაფისგან მიღებულ 50 მილიონ ევროს - პარიზში ჩემოდნებით გამოგზავნილს. ბრალი რამდენიმე მუხლს ითვალისწინებდა. კრიმინალურ შეთქმულებაში დამნაშავედ ცნობილი სარკოზი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და სააპელაციოში მიდის, თუმცა ეს მას ხელბორკილებისგან ვერ გაათავისუფლებს.
ნიკოლა სარკოზის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ მოტივს და მედიის როლსაც უკავშირებს.
ერთ-ერთი ბოლო განცხადება რამდენიმე თვის წინ, მათ შორის სწორედ საფრანგეთიდან გაკეთდა, როდესაც ევროპის მინისტრმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ოპოზიციონერი ლიდერების დაკავების გამო მწვავედ გააკრიტიკა. მკაფიო ორმაგი სტანდარტი — ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი პარტნიორების გზავნილებს. ირაკლი კობახიძის თქმით, პოლიტიკოსობა ინდულგენცია არ არის და ამას სარკოზის დაკავებაც ადასტურებს.
პარიზის სასამართლოს გადაწყვეტილება არაფერს ამბობს მსჯავრებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, პარტიისთვის და ამტკიცებენ, რომ სარკოზისგან განსხვავებით, მათი ლიდერისთვის გამოტანილი განაჩენია აბსურდული.
მართლმსაჯულების სტანდარტთან ოპოზიციის მიდგომა მმართველ გუნდს არ უკვირს, ისევე როგორც კონკრეტული უცხოელი აქტორების დამოკიდებულება. უმრავლესობაში ამბობენ, რომ საქართველოს შემთხვევაში ევრობიუროკრატებისთვის მიუღებელია ის, რაც მისაღებია მათ საკუთარ ქვეყნებში.
როდის დაიწყება ნიკოლა სარკოზის პატიმრობის ათვლა, ამას 13 ოქტომბერს ეტყვიან - მას შემდეგ, რაც ის ეროვნულ ფინანსურ პროკურატურაში გამოცხადდება. საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას სარკოზი 2007-2012 წლებში იკავებდა. ლიბიის სკანდალი კი 2011 წელს გასკდა. ამავე წელს მოკლეს კადაფიც. ლიბიის სამოქალაქო ომის დროს მეამბოხეებს მხარს საფრანგეთის არმიაც უჭერდა, რომლის მთავარსარდალი პრეზიდენტი სარკოზი იყო. მანამდე, ლიბიის და საფრანგეთის ლიდერებს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. 2007 წელს, არჩევნებში სარკოზის გამარჯვების შემდეგ, კადაფი ოფიციალური ვიზიტით პარიზსაც სტუმრობდა.